უკრაინის სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ სოციალური ქსელებით 8 აპრილს დილით გავრცელებული ინფორმაციით, რომენის რაიონში დრონით დარტყმა იყო სახლზე, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა სამოქალაქო დანიშნულების საწარმოში. კონკრეტული საწარმო ადმინისტრაციას არ დაუსახელებია. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ეს საწარმო მერეფის რაიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურა - საწყობები და სამეურნეო ნაგებობები.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის და კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის მონაცემებით, ენერგოობიექტებზე რუსული დრონებითა და არტილერიით შეტევების შედეგად გამოწვეული დაზიანებების გამო, რასაც თან დაერთო ძლიერი ქარით გამოწვეული ავარიები, 8 აპრილის დილით ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი იყო ოდესის, ზაოპოროჟიეს, ხარკოვის, სუმის, ტერნოპოლის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის და კიევის ოლქებში.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 8 აპრილს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში და დილით რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 176 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 146 რუსული დრონის მოგერიება და 24-თ პირდაპირი დარტყმა 12 ადგილზე.
8 აპრილს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 73 უკრაინული დრონი მოიგერიეს ორიოლის და როსტოვის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში, ყირიმში და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიის თავზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას. უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, ანექსირებულ ყირიმში დრონებით დარტყმა იყო ფეოდოსიის ნავთობის ბაზაზე.
ფორუმი