კომისიის თანახმად, თებერვალ-მარტში ახორციელებდნენ ტელეკომპანიების მონიტორინგს და დაადგინეს, რომ ამ "არხებზე გასულ საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა წამყვანების/კორესპონდენტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელების, მიუკერძოებლობისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები".
კომისიის თანახმად:
- „ტელეიმედის“ შემთხვევაში ოთხი დარღვევა გამოკვეთა - გადაცემის წამყვანები ახალ ამბებს აშუქებდნენ პირადი მოსაზრებისა და დამოკიდებულების საფუძველზე.
- „პოსტივის" შემთხვევაში გამოვლინდა შვიდი დარღვევა, რაც საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების მიერ პირადი მოსაზრებების გამოთქმის აკრძალვისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნების დარღვევას მოიცავდა.
- „ტელეკომპანია პირველს“ 18 დარღვევა გამოუვლინდა. გამოიკვეთა საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების/კორესპონდენტების მხრიდან ახალი ამბების პირადი მოსაზრებების/დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქების, მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის წარმოჩენის (ცალმხრივად გაშუქების) და ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევები.
- „ფორმულის“ შემთხვევაში 20 დარღვევა გამოვლინდა, რომლებიც ძირითადად უკავშირდებოდა მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას, კერძოდ, ახალი ამბების პირადი მოსაზრების/დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას. ამასთან, დაფიქსირდა ბალანსის დაცვის მოთხოვნის დარღვევაც, როცა წარმოდგენილი იყო ერთი მხარის პოზიცია.
რა ფრაზებისა და შინაარსის გამო გააფრთხილეს ტელევიზიები
ონლაინგამოცემა "მედიაჩეკერი", რომელიც თვალს ადევნებს კომუნიკაციების კომისიის სხდომას, კომისიის წევრების მოხსენებითი ბარათების საფუძველზე წერს, რომ:
„იმედის“ ახალი ამბების პროგრამებში ჟურნალისტები ახალ ამბებს გადასცემდნენ შემდეგი ფრაზების გამოყენებით:
„გაბანკროტებულ ოპოზიციაშიც“,
„პროპაგანდისტული ოპოზიციური არხების ჟურნალისტები“,
„პოლიტიკური ამნეზია მძიმე ფორმებს იღებს“,
„მძიმე და უსაფუძვლო ბრალდებები“,
„ოპოზიციის მედია“.
"ეს ფრაზები გაჟღერებული იყო 25-26 თებერვალსა და 9 და 11 მარტს გადაცემულ ახალ ამბებში."
პავლე ბერიას თქმით, „მოხსენებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ფრაზების გამოყენებით ახალი ამბების გადაცემა მათი კონტექსტის, შინაარსისა და გავრცელების ფორმის გათვალისწინებით, წარმოადგენს ახალი ამბების გადაცემას მაუწყებლის პირადი მოსაზრებისა და დამოკიდებულების საფუძველზე, რაც აკრძალულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად…“
POSTV-ის შემთხვევაში მოყვანილი მაგალითები:
„რადიკალური ოპოზიციის წევრებმა წერილი ურსულა ფოლ დენ ლაიერს 22 სექტემბერს გაუგზავნეს“;
„ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" ციხიდან ისევ მსჯავრდებული სააკაშვილი მართავს“;
„ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გზავნილები ამჯერად ოპოზიციური განწყობებით ცნობილმა ექსპერტმა გაიმეორა და აბსურდულ ბრალდებებთან ერთად, საზოგადოებაში პანიკის დათესვაც სცადა“.
„ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, დღეს "ნაცმოძრაობაში" ამბობენ, რომ ყულევის პორტთან დაკავშირებულმა, მათ მიერვე წამოწყებულმა ანტისახელმწიფოებრივმა კამპანიამ იმუშავა და ქვეყნის იმიჯი დააზიანა...“
„TV პირველის” შემთხვევაში მოყვანილი მაგალითები
მოხსენებითი ბარათის თანახმად, „TV პირველი” ახალი ამბების პროგრამაში საკითხს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე აშუქებდა, რაც შემდეგი ფრაზებით გამოიხატებოდა:
„ოლიგარქის პარტიამ“,
„ივანიშვილის რეპრესიულ პოლიტიკაზე“,
„ქართული ოცნების პოლიციამ“,
„ოცნება" არჩევანს დიქტატორებზე აკეთებს“,
„ოცნების მინისტრს“,
„ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმის“,
„აქტივისტებზე ნადირობის ღამე“,
„დანარჩენ სინდისის პატიმრებს, რადგან "ქართული ოცნების" მიერ მართულმა კულტურის სამინისტრომ“ და სხვა.
"ფორმულის" შემთხვევაში მოყვანილი მაგალითები
ტელეკომპანია იყენებდა ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა:
„რეჟიმი“,
„ოლიგარქის გუნდი“,
„ოცნების პარლამენტი“,
„ოცნების მთავრობა“,
„ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი“,
„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“,
„ივანიშვილის დეპუტატი“,
„ოლიგარქის პარტია“,
„ოცნების" შინაგან საქმეთა სამინისტრო“,
„ოცნების" მინისტრი“ და სხვა.
კომუნიკაციების კომისია 8 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება.
ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა, ასევე, ახალ ამბებში ბალანსის დაცვისა და ფაქტის ჯეროვანი სიზუსტით გაშუქების მოთხოვნების დაცვა ემსახურება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მაყურებლის უფლებების დაცვას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ობიექტური, მრავალმხრივი ინფორმაცია.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები 2025 წლის 1 აპრილს ამოქმედდა. 2025 წლის 1 ივნისამდე მაუწყებლების მიმართ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავდა, თუმცა კანონით გათვალისწინებულ სანქციებს არ იყენებდა.
გამომდინარე იქიდან, რომ „ტელეიმედის“, „პოსტივის, „ტელეკომპანია პირველის“ და „ფორმულის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა.
„იმედისა“ და Pos TV-ის სანქცირება
24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).
სანქცირების საფუძველია „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“
ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქცირების ერთი და იგივე მიზეზია დასახელებული:
„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უზრუნველყოფილი იქნება“ დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ორი ქართული ტელევიზიის, „იმედისა“ და PosTV-ის და მათი ჟურნალისტების უფლებები.
ფორუმი