Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უარყოფდნენ და აღიარეს. რატომ გამოცხადდა რუსეთში იჩქერია "ტერორისტულად"

ჯოხარ დუდაევის სახელობის ბრატალიონის მებრძოლები, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. 27 აგვისტო, 2022.
ჯოხარ დუდაევის სახელობის ბრატალიონის მებრძოლები, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. 27 აგვისტო, 2022.

გროზნოს სასამართლომ იჩქერია „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიარა. ახლა რუსეთში სამართლებრივი დევნა არის გათვალისწინებული დამოუკიდებელ ჩეჩნეთთან ნებისმიერი კავშირისთვის.

რადიო თავისუფლების პროექტ Kavkaz.realii-ის რედაქციასთან საუბარში ექსპერტები ხსნიან, რომ ასეთი გადაწყვეტილების საბაბი გახდა ომში იჩქერიის ქვედანაყოფების ბრძოლა უკრაინის მხარეზე. უფლებადამცველები, თავის მხრივ, შიშობენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში რეპრესიების ახალი ეტაპი შეიძლება დაიწყოს.

ნაბიჯი უკან

ჩეჩნეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში, ფაქტობრივი დამოუკიდებლობის პერიოდში, ეწოდებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია (ჩრი). რუსეთის მიერ დაწყებული ორი ომის გამო იჩქერიის ხელმძღვანელობამ რეგიონში ძალაუფლება დაკარგა. 2007 წლიდან საზღვარგარეთ იჩქერიის პოლიტიკური ლიდერი არის ახმედ ზაკაევი. რუსეთი მას უკვე 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დევნის.

ფსბ-ს ვერსიით, ახლა ევროპის 14 ქვეყანაში თითქოს მოქმედებს იჩქერიის 29 ფილიალი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ჩრი-ს ქვედანაყოფები უკრაინის მხარეზე მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში და ისინი შემჩნეული არიან დივერსიულ ოპერაციებში რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში. ამიტომ ჯერ კიდევ მარტში გროზნოს შეიხ-მანსურის რაიონის სასამართლომ იჩქერია „ტერორისტულ“ ორგანიზაციად აღიარა. მასთან დაკავშირებულ ყველა ძალოვანს ემუქრება სამუდამო პატიმრობა.

ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება რუსეთის ხელისუფლების ძველ პოზიციას, მიაჩნია კავკასიის ისტორიკოსსა და ანალიტიკოსს, მაირბეკ ვაჩაგაევს: „ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოსკოვში ირწმუნებოდნენ, რომ არავითარი იჩქერია არ არსებობს. ამასვე ამბობდა ჩეჩნეთის ხელისუფლება. ამიტომ თავად ასეთი გადაწყვეტილების ფაქტი ახლა უკან გადადგმულ ნაბიჯად გამოიყურება“.

ექსპერტის თქმით, კრემლშიც და გროზნოშიც დიდხანს მიიჩნევდნენ, რომ იჩქერია „საბოლოოდ არის დამარცხებული“, ასეთი ორგანიზაცია საერთოდ არ არსებობს, ამიტომ ფორმალური აკრძალვა არ შემოუღიათ. მაგრამ უკრაინაში ომმა და ჩეჩნური დიასპორის გააქტიურებამ რუსეთის ხელისუფლება აიძულა, ეღიარებინა ის, რასაც ის წლების განმავლობაში უარყოფდა.

„უკრაინაში შეიქმნა ფორმირებები, რომლებსაც ასეც ეწოდება. მაგალითად, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ბატალიონი. ეს ფაქტორი, როგორც ჩანს, მგრძნობიარე აღმოჩნდა კრემლისა და ფსბ-სთვის: ერთი მხრივ, ისინი უარყოფდნენ იჩქერიის არსებობას, მეორე მხრივ - გაჩნდნენ სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც თავს მის ნაწილად მიიჩნევენ,“ აღნიშნავს ის.

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ ომში უკრაინის მხარეზე მონაწილეობს სპეცდანიშნულების ცალკე ბატალიონი უცხოური ლეგიონის შემადგენლობაში. ის ახმედ ზაკაევმა შექმნა 2022 წელს. ასევე არსებობს შეიხ მანსურისა და ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონები, ქვედანაყოფი „ცოფიანი ხროვა“, Special Operation Group (SOG) და ხამზატ გელაევის სახელობის ბატალიონი.

ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრ ჩერკასოვიც ახსენებს Kavkaz.realii-ის რედაქციასთან საუბარში, რომ 2022 წლის თებერვლის შემდეგ ევროპაში ყრილობებს ატარებს ჩეჩნური დიასპორა, რომელიც საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობს. კერძოდ, უკრაინაში მათ მოახერხეს, რომ ოფიციალურად ეღიარებინათ ჩეჩნეთის ოკუპაცია რუსეთის მიერ.

„საქმე ეხება არა [ჩეჩნეთის] სიმბოლურ სტრუქტურებს: ამ პროცესებში [დიასპორაში] მონაწილეობენ იგივე ადამიანები და მათი შვილები, რომლებიც რუსეთ-ჩეჩნეთის ომს აგრძელებენ. რეალური შეიარაღებული ფორმირებების არსებობა, თუნდაც რეგიონის ფარგლებს გარეთ, ამ სტრუქტურებს პრაქტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ ამიტომ იწვევს ასეთი პროცესები რუსეთის სერიოზულ შეშფოთებას,“ აღნიშნავს უფლებადამცველი.

თავად საზღვარგარეთ მყოფ ადამიანებამდე მიწვდენა რთულია, მაგრამ მათი ნათესავები რესპუბლიკაში რჩებიან.

ერთი შეხედვით, იჩქერიის „ტერორისტულად“ ცნობის გადაწყვეტილება შეიძლება „აბსურდის შედევრად“ მოგეჩვენოთ - იჩქერიამ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა 2000-იან წლებში და მრავალი წლის განმავლობაში ფანტომურ წარმონაქმნად რჩებოდა.

„იჩქერიის „ტერორისტულად“ ცნობა ხდება არა მხოლოდ სიტყვებისა და მნიშვნელობების სფეროში, არამედ იმ დოკუმენტების სფეროშიც, რომლებითაც ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომლებიც იარაღს იყენებენ. ეს ნაწილია ადმინისტრაციული მექანიზმისა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურების მუშაობას უზრუნველყოფს.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბევრი რამ თვითნებურად კეთდება, მაგრამ ამ პირობებშიც კი ისინი ცდილობენ პროცედურის დაცვას. ასეთი გადაწყვეტილებები კი ქმნის ახალ საფრთხეებს, რომლებიც საკმარის ყურადღებას საჭიროებს. ამ კონტექსტში, ახმედ ზაკაევის წინააღმდეგ ოპერაციების მოსამზადებელი სტრუქტურების საქმიანობის შესახებ ცნობები რიტორიკად კი აღარ მოჩანს, არამედ უფრო ფართო პრაქტიკის ნაწილად“, ამბობს ჩერკასოვი.

მარტში ცნობილი გახდა, რომ ახმედ ზაკაევი რუსეთის სპეცსამსახურების ახალი საიდუმლო ქვედანაყოფის, „ცენტრ 795“-ის სამიზნე იყო. ლონდონში მისი ნათესავების გატაცების ოპერაცია ჩაიშალა და ერთ-ერთი ოპერატიული თანამშრომელი კოლუმბიაში დააკავეს. ეს ზაკაევზე თავდასხმის პირველი მცდელობა არ არის. პოლიტიკოსმა უფრო დეტალურად ისაუბრა ვებსაიტ Kavkaz.Realii-სთან ინტერვიუში რუსეთის ხელისუფლების მიერ დევნის ისტორიაზე.

რედაქცია დაუკავშირდა ახმედ ზაკაევს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოცხადებასთან დაკავშირებით კომენტარისთვის, თუმცა გამოქვეყნების მომენტისთვის პასუხის მიღება ვერ მოხერხდა.

რეპრესიების მოლოდინში

გროზნოში სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივად კრიმინალიზაციას უწევს რუსეთში იჩქერიასთან ნებისმიერ კავშირს და შეიძლება გამოიწვიოს სასჯელი სამუდამო პატიმრობის ჩათვლით. მიმდინარე ომის ფონზე ეს კითხვებს ბადებს შედეგებთან დაკავშირებით - როგორც იჩქერიის მხარდამჭერებისთვის საზღვარგარეთ, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში მათი ნათესავებისთვის. ადამიანის უფლებათა დამცველი, რომელიც ადრე ჩრდილოეთ კავკასიაში მუშაობდა (უსაფრთხოების მიზეზების გამო მისი ვინაობა არ სახელდება), აღნიშნავს, რომ ტერორიზმის შესახებ რუსეთის კანონმდებლობა სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს არა მხოლოდ ძალადობრივი ქმედებებისთვის, არამედ აკრძალულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ან მის მიმართ სავარაუდო მხარდაჭერის ფაქტისთვისაც. ჩეჩნეთში ამისთვის ხშირად არც არის საჭირო დამატებითი სამართლებრივი საფუძვლები.
„იქ რეპრესიული პრაქტიკა დიდი ხანია კანონს სცილდება: ხელისუფლების კრიტიკა ისჯება და ნათესავებზეც ვრცელდება ზემოქმედების ზომები - საჯარო „ბოდიში“, გატაცებები და წამება“, აღნიშნავს ის.

სამიზნედ შეიძლება იქცნენ არა მხოლოდ სავარაუდო მხარდამჭერები, არამედ ჩეჩნეთში მყოფი მათი ნათესავებიც. საბაბი შეიძლება იყოს საზღვარგარეთ მყოფ იმ პირებთან მინიმალური კონტაქტებიც კი, რომელთა შესახებაც ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ისინი იჩქერიის სტრუქტურებთან არიან კავშირში - მაგალითად, რელიგიურ დღესასწაულებზე ოფიციალური მილოცვები. წყაროს ცნობით, რისკები ასევე დაკავშირებულია საზოგადოებრივ საქმიანობასთან: სოციალურ მედიაში იჩქერიის მხარდასაჭერად კომენტარები და „მოწონებები“, ასევე მისი სიმბოლოების, მათ შორის დროშის გამოქვეყნება, შეიძლება განიმარტოს, როგორც აკრძალულ ორგანიზაციაში მონაწილეობა ან მისი მხარდაჭერა.

ფორმალურად, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის შესახებ მუხლი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თუმცა, როგორც აღნიშნავენ ადამიანის უფლებების დამცველები OVD-Info-დან, საკვანძო მნიშვნელობა აქვს მის გამოყენებას: რუსეთში „ტერორისტული“ მუხლები ხშირად გამოიყენება პოლიტიკური დევნისთვის.

„მონაწილეობის“ მაქსიმალურად ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა ფორმულირებების ბუნდოვანება - არა მხოლოდ ძალადობრივი ქმედებები, არამედ სავარაუდო მხარდაჭერა ან კავშირები. პრაქტიკაში მტკიცებულებები ხშირად ეფუძნება არაპირდაპირი მონაცემების ერთიანობას - მიმოწერას, კონტაქტებს და კომუნიკაციის სხვა ფორმებს, რომლებიც, გარკვეული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ჩართულობის დადასტურებად.

ადამიანის უფლებების დამცველის თქმით, ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთი პრაქტიკული მიზანი შეიძლება იყოს რუსეთის ფარგლებს გარეთ მდებარე იჩქერიული სტრუქტურების მონაწილეებისა და მხარდამჭერების ოჯახებზე ზეწოლა. „თავად საზღვარგარეთ მყოფ ადამიანებამდე მიწვდენა რთულია, მაგრამ მათი ნათესავები რესპუბლიკაში რჩებიან,“ ამბობს ის.

„ტერორისტული“ მუხლებით სისხლის სამართლის საქმეები შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა მხოლოდ დაშინების ინსტრუმენტად, არამედ იძულების საშუალებადაც: ცალკეულ შემთხვევებში ნათესავებზე ზეწოლას უკვე თან ახლდა მათი იძულების მცდელობები, ხელი მოეწერათ კონტრაქტებზე და წასულიყვნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამ კონტექსტში იჩქერიის „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიარება, თანამოსაუბრის თქმით, დამატებით ფორმალურ საფუძველს ქმნის ასეთი პრაქტიკისთვის.

2022 წლის აგვისტოში ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი იჩქერიის მხარდამჭერებს სისხლის აღებით დაემუქრა. ერთი თვის შემდეგ კადიროვმა ჩეჩნური წარმომავლობის ადამიანებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობენ, ზაკაევის მოკვლისკენ მოუწოდა. იმათ, ვინც ამას მოახერხებს, პოლიტიკოსმა თავისუფლება და უზრუნველყოფილი ცხოვრება აღუთქვა.

იჩქერიის მთავრობის მეთაურს საზღვარგარეთ, ახმედ ზაკაევს, და მურად იუსუპოვს, რომელიც რუსეთის გამომძიებლების მიერ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი იჩქერიის ბატალიონის მეთაურად მოიხსენიება, რუსეთში დაუსწრებლად მიესაჯათ ხანგრძლივი პატიმრობა. ისინი დამნაშავედ ცნეს ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაში და ტერორიზმის წაქეზებაში. ზაკაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის ციხეში, ხოლო იუსუპოვს 19 წლით მკაცრი რეჟიმი.

This item is part of

ფორუმი

XS
SM
MD
LG