Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: უნგრეთმა სასწრაფოდ უნდა ახსნას ცნობები რუსეთისთვის ინფორმაციის შესაძლო გადაცემაზე

ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

ევროპულმა კომისიამ 9 აპრილს უნგრეთის ხელისუფლებას მოუწოდა ნათელი მოჰფინოს, ევროკავშირის თქმით "უაღრესად შემაშფოთებელ" ცნობებს რუსეთისთვის ინფორმაციის შესაძლო გადაცემის თაობაზე.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი აპირებს ეს საკითხი ლიდერების დონეზეც წამოჭრას - უთხრა კომისიის პრესმდივანმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.

პრესმდივნის თქმით, გავრცელებული ცნობები "ხაზს უსვამს [ევროკავშირის] წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან კოორდინირების შემაშფოთებელ შესაძლებლობას - რაც ნიშნავს აქტიურ მუშაობას ევროკავშირის და მისი ყველა მოქალაქის უსაფრთხოებისა და ინტერესების წინააღმდეგ".

"ეს უაღრესად შემაშფოთებელია, და ხსენებულმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მოჰფინოს ნათელი თავის ნაბიჯებს" - დასძინა მან.

აღმოსავლეთ ევროპის მედიასაშუალებების ჯგუფმა - The Insider-მა, VSquare-მა და Delfi-მა - გასულ თვეში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო მოსკოვს აწვდიდა "პირდაპირ" კავშირს "კრიტიკულ ინფორმაციასთან უმნიშვნელოვანეს საკითხებზე".

გამოძიების მეორე ნაწილში - რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა - მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ სიიარტომ რუსეთს შესთავაზა მოსკოვში უნგრეთის საელჩოს გავლით "დაუყოვნებლივ" გაეგზავნა ევროკავშირის დოკუმენტი, რომელიც ეხება ბლოკში უკრაინის გაწევრიანებას.

ამ ცნობებმა აღშფოთება გამოიწვია ევროპაში.

კვირას, 12 აპრილს უნგრეთში არჩევნებია დანიშნული. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მეხუთე ვადით სურს ხელისუფლებაში დარჩენა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG