სომხეთში ესტონეთის საელჩოს გახსნის ცერემონია ხუთშაბათს, 9 აპრილს, გაიმართა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ვიზიტისას.
მარგუს ცაჰკნას სომხეთში ჩასვლის შემდეგ უმასპინძლეს მისმა კოლეგა არარატ მირზოიანმა, პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა და პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა.
საელჩოს გახსნის ცერემონიას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და სომხეთში ესტონეთის ელჩი დაესწრნენ.
„გვსურს თქვენი მხარდაჭერა“
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „შემიძლია ვთქვა, რომ ეს წელი მართლაც ისტორიულია - ესტონეთი, როგორც პატარა ქვეყანა, ხედავს, რომ რიგი ქვეყნები, განსაკუთრებით ევროპაში, ხურავენ თავიანთ საელჩოებს, ჩვენ კი ხუთ ახალ საელჩოს ვხსნით. და მათ შორის, პირველი ესტონეთის საელჩოა სომხეთის რესპუბლიკაში“.
„ვხედავ, რომ თქვენ სომხეთს მშვიდობის, ევროპული ღირებულებების, კეთილდღეობისკენ მიუძღვებით და ჩვენ გვსურს თქვენი მეგობრები ვიყოთ... ჩვენ ნამდვილად გვსურს თქვენი მხარდაჭერა, მათ შორის უმაღლეს დონეზე“, - თქვა მან.
„ჩვენ გვყავს ახალი ელჩი, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო გასწია და მომავალში კიდევ უფრო მეტს გააკეთებს“, - თქვა მინისტრმა ელჩ მარგე მარდისალუ-კაჰარზე საუბრისას.
ელჩი თბილისიდან ერევანში გადაიყვანეს
სწორედ ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი მსახურობდა თბილისში 2024 წლიდან, თუმცა 2026 წლის 10 მარტიდან ერევანში გადავიდა.
თბილისში ესტონეთის დიპლომატიურ მისიას მას შემდეგ ხელმძღვანელობს საქმეთა დროებითი რწმუნებული, გიტა კალმეტი. ესტონეთის საელჩოდან სწორედ მან მიიტანა ყვავილები 9 აპრილის მემორიალზე სხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან ერთად.
ინფორმაცია, რომ ელჩი სომხეთში გადაჰყავდათ, ესტონურმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა 2026 წლის 13 თებერვალს.
ამავე წყაროს თანახმად, ეს განპირობებული იყო ესტონეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის „ურთიერთობების გაციებითა“ და „სომხეთთან კონტაქტების გააქტიურებით“.
თბილისიდან წასვლის წინ ელჩმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა:
„თუ მეკითხებით, ჩემი წასვლის ფაქტი ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ეს ასახავს. ამის დამალვა არ შემიძლია. ასე მუშაობს დიპლომატია“.
კონტექსტი
მან ასევე დააზუსტა, რომ ესტონეთი საქართველოში საელჩოს არ ხურავს:
„ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი აქ და საელჩოს მუშაობას ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაუძღვება. ტალინში დიპლომატიურ სიას რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ საქართველოს ასევე აქვს საელჩო ტალინში, რომელსაც უძღვება დროებითი რწმუნებული. ასეთია მდგომარეობა“, - თქვა მან.
"ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამ ნაბიჯს 14 თებერვალს ასე უპასუხა: „ელჩების ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაყვანაში განსაკუთრებული არაფერია, თუ თავად ესტონური მხარე არ აძლევს ამას რაიმე მნიშვნელობას“.
- 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების, ევროინტეგრაციაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებისა და შემდგომი დემონსტრაციების დარბევის შემდეგ, ესტონეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ათეულ მაღალჩინოსანს დაუწესა სავიზო სანქციები.
- „ძალადობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და დისპროპორციულ სასჯელს დემოკრატიაში ადგილი არ აქვს. ესტონეთი კვლავ დგას ქართული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც იბრძვის საკუთარი ღირსებისთვის, უფლებებისა და ევროპული მომავლისთვის“, - ასეთია ტალინის პოზიცია.
- თბილისი, თავის მხრივ, ესტონეთს ადანაშაულებს „ქართველი ხალხისა და მთავრობის დაუკითხავად პოლიტიკაში ფულის ჩადინებაში“ - მას შემდეგ, რაც მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი რამდენიმე ორგანიზაცია ესტონეთში დარეგისტრირდა.
ფორუმი