უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა Bloomberg-თან ინტერვიუში ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებების პერსპექტივების თაობაზე. მან „დიდი პროგრესი“ უწოდა იმას, რომ მხარეებმა წინა სამმხრივი მოლაპარაკებების დროს, რომელშიც შეერთებული შტატებიც მონაწილეობდა, მიაღწიეს „იმის საზღვრების მკაფიო გაგებას, რაც მისაღებია“ მათთვის.
მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს, რომლის ბოლო რაუნდი თებერვალში გაიმართა ჟენევაში, მშვიდობიანი მოგვარებისკენ გადაიდგა ნაბიჯები.
„ყველას ესმის, რომ საჭიროა ომის დასრულება“, დასძინა ბუდანოვმა და ხაზგასმით აღნიშნა, „არა მგონია, რომ ამას დიდი დრო დასჭირდეს“.
მან აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღწეული და მხარეები კვლავ „მაქსიმალისტურ პოზიციებს“ ინარჩუნებენ, თუმცა, ბუდანოვის თქმით, არის კომპრომისის ძიების ნიშნებიც.
ბუდანოვმა, ისევე როგორც ადრე აშშ-ის წარმომადგენლებმა, ყველაზე რთული უწოდა ტერიტორიულ საკითხებს. რუსეთი მოითხოვს უკრაინული ჯარების გაყვანას დონეცკის ოლქიდან (მათ შორის იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც რუსეთის ძალები ჯერაც არ აკონტროლებენ), ხოლო უკრაინა მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.
მოსკოვი მიანიშნებს, რომ ტერიტორიული საკითხი ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის ერთადერთ დაბრკოლებას წარმოადგენს, თუმცა რუსეთმა ადრე სხვა მოთხოვნებიც წამოაყენა.
ბუდანოვის თქმით, საბოლოო სიცხადე არ არის არც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების თაობაზე.
ბუდანოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს მობილიზაციის რესურსებთან დაკავშირებით პრობლემა არა აქვს, თუმცა ომის გაგრძელება მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებს იწვევს, რაც უკვე ახდენს გავლენას რუსეთის ბიუჯეტზე.
„უკრინფორმთან“ ინტერვიუში ბუდანოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა და რუსეთი ამჟამად კონტაქტი იმყოფებიან მიუხედავად იმისა, რომ სამმხრივ მოლაპარაკებებში პაუზაა. ამჟამად განიხილება პატიმრების გაცვლა, რაც აღდგომისთვის არის შესაძლებელი. გუშინ გაცვალეს დაღუპულთა ცხედრები.
რუსეთმაც და უკრაინამაც ადრე განაცხადეს, რომ დაიცავენ ე.წ. სააღდგომო ზავს, რომელიც შაბათს საღამოდან კვირას შუაღამემდე გაგრძელდება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთს არაფერი უშლის ხელს, რომ აღდგომის შემდეგაც დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
უკანასკნელი კვირების განმავლობაში, დამოუკიდებელი შეფასებებით, რუსული ჯარების წინსვლის ტემპი შენელდა. ზოგიერთ რაიონში, მაგალითად, სლავიანსკის აღმოსავლეთით, რუსები წინ მიიწევენ, ზოგიერთში კი, განსაკუთრებით ზაპოროჟიეს რეგიონში, ისინი პოზიციებს კარგავენ. ექსპერტები ამას იმ ფაქტს მიაწერენ, რომ დრონებმა მნიშვნელოვნად გაართულეს შეტევითი ოპერაციები.
ფორუმი