Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო დამკვირვებლები უნგრეთის არჩევნებზე: აქტიური პროცესი, კონკურენტებისთვის არათანაბარ პირობებში

საერთაშორისო დამკვირვებლები უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე, ბუდაპეშტის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. 12 აპრილი, 2026.
საერთაშორისო დამკვირვებლები უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე, ბუდაპეშტის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. 12 აპრილი, 2026.

საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის წინასწარი შეფასებით, უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გამორჩეული იყო მოქალაქეთა ჩართულობით, ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობითა და რეალური არჩევანის არსებობით.

თუმცა ამ არჩევნებზე არ იყო თამაშის თანაბარი პირობები, რადგან მმართველი პარტია სარგებლობდა სისტემური უპირატესობებითა და სახელმწიფოსა და პარტიას შორის არსებული ხაზის წაშლით. 13 აპრილს ეუთო/ოდირის მიერ გავრცელებულ წინასწარ შეფასებაში ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტიის რიტორიკა იყო საზოგადოების დამყოფი და შიშის გამღვივებელი, თუმცა კანდიდატებს შეეძლოთ კამპანიის თავისუფლად წარმართვა.

თანამდებობებისა და სახელმწიფო რესურსების მომეტებულად არასათანადო გამოყენებამ, მთავრობის გზავნილებმა, მედიის აშკარა მიკერძოებამ, ახალი ამბების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაშუქებამ და საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში არსებულმა სერიოზულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარა კონკურენტების თანასწორ შესაძლებლობებს, ნათქვამია განცხადებაში.

„მოხიბლული ვიყავი მოქალაქეთა სულისკვეთებით აღსავსე ჩართულობით არჩევნებში. ეს არის ამომრჩეველთა განაცხადი, რომ მმართველი პარტიის დამყოფმა და წამქეზებლურმა რიტორიკამ, გავლენების არასათანადო გამოყენებამ ვერ შეაჩერა მათი რეკორდულად მაღალი მონაწილეობა გუშინდელ არჩევნებში“, - განაცხადა სარგის ხანდანიანმა, ეუთოს საგანგებო კოორდინატორმა და მოკლევადიან დამკვირვებელთა ლიდერმა - „ეს იყო დაძაბული კამპანია და მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ გამოიყენა სახელისუფლებო გავლენები ვითარების თავის სასარგებლოდ გადასაწონად, ის მაინც კონკურენტული იყო“.

კამპანია იყო აქტიური და ძალიან ხილული როგორც ონლაინ, ისე ქვეყნის მასშტაბით. მმართველი პარტიის გზავნილები უკრაინასა და ევროკავშირის ინსტიტუტებზე იყო დომინანტური, უკიდურესად პოლარიზებული კამპანიის დისკურსში. ამ ფონზე ნაკლებად თვალსაჩინო იყო საშინაო პოლიტიკის საკითხებზე დაფუძნებული დისკურსი. ხელისუფლებამ ვერ შეძლო ადეკვატურად ეპასუხა მხარეთა შორის არსებულ შეშფოთებაზე, რომელიც გარედან ჩარევას შეეხებოდა. უცხოეთის რამდენიმე ლიდერმა და პოლიტიკურმა აქტორმა მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას და გაიმეორა „ფიდესის“ კამპანიის გზავნილები უსაფრთხოებაზე.

„ვულოცავ უნგრეთის ხალხს, რომელმაც გამოხატა მკაფიო და შეუქცევადი არჩევანი. ამომრჩევლის გამორჩეულად მაღალმა აქტივობამ აჩვენა, რომ შიშის გაღვივება, მუქარა და დაშინება ვერ ჩაახშობს ხალხის დემოკრატიულ ნებას“, - განაცხადა პაბლო ჰისპანმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა - „ეს არის მძლავრი დემოკრატიული პასუხი, რომელიც ასახავს შეუფასებელ როლს, რომელიც ითამაშეს სამოქალაქო საზოგადოებამ და დამოუკიდებელმა მედიამ ინტერესის, ანგარიშვალდებულებისა და პოლიტიკური ცვლილებისთვის საჭირო პირობების დაცვაში. პეტერ მადიარსა და „ტისას“ აქვთ მკაფიო მანდატი ცვლილებისთვის და აწევთ დიდი პასუხისმგებლობა - გაამართლონ ნდობა, რომელიც მათ უნგრეთის ხალხმა დააკისრა კანონის უზენაესობის, ძალაუფლების ბალანსისა და დემოკრატიის განსამტკიცებლად“.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ უნგრეთში მედიაგარემო ფორმალურად მრავალფეროვანია, თუმცა რეალურად დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა აშკარად დაკნინებულია გაცილებით დიდ და რესურსებით უზრუნველყოფილ სამთავრობო მედიასთან შედარებით. ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა და ჟურნალისტების დაძაბული სამუშაო გარემო, რასაც ახლავს როგორც ფიზიკური ინციდენტები, ასევე ონლაინ მუქარები, შემაშფოთებელია. ოდირის სოციალური მედიის მონიტორინგმა გამოავლინა გენერირებული ხელოვნური ინტელექტისა და მანიპულაციური კონტენტის გამოყენება ქვეყნის შიგნით დეზინფორმაციისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის.

„სრულიად მკაფიოა, რომ სახელმწიფო მედია იყო ტენდენციური მთავრობისა და მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ზოგადად, პარტიებისთვის ხელმისაწვდომი იყო უფასო პოლიტიკური რეკლამა, თუმცა სახელმწიფო მედიის მიერ დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელება შემაშფოთებელია“, - ამბობს რუპა ჰაქი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი - „მედიაში შეზღუდული კამპანიის გათვალისწინებით, ამომრჩეველთა მასობრივი მონაწილეობა კიდევ უფრო აღსანიშნავია“.

უნგრეთში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, რომელშიც წინა არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ტექნიკური და პროცედურული ცვლილებები შევიდა, კვლავაც არ შეესაბამება დემოკრატიულ არჩევნებზე ეუთოსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის თანამდებობისა და სახელმწიფო რესურსების კამპანიისთვის გამოყენების ცალსახად აკრძალვის მოთხოვნას. ზოგადად, არ იყო მიუკერძოებელი საარჩევნო დავების განხილვა, რამაც სამართლებრივი ბერკეტების შეზღუდული ეფექტიანობის პირობებში, დაასუსტა ანგარიშვალდებულება.

„იყო აქტიური და ძალიან თვალსაჩინო კამპანია და კანდიდატებს შეეძლოთ კამპანიის თავისუფლად წარმართვა, მაგრამ საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო არ უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს კონკურენტებისთვის“, - განაცხადა ეოღან მერფიმ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა (ODIHR) მისიის ხელმძღვანელმა. „მაგალითად, ჩვენმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ მმართველმა პარტიამ დიდი სარგებელი მიიღო კამპანიის გზავნილების გასავრცელებლად სამთავრობო გზავნილების არასათანადო გამოყენებით, ხარჯვაზე შეზღუდვების მოხსნით, არჩევნებამდე საპარლამენტო ჯგუფებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მნიშვნელოვანი გაზრდით - რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს კამპანიისთვის - რამაც კიდევ უფრო დააზიანა საარჩევნო გარემო“.

არჩევნებისთვის ტექნიკური მომზადება იყო ეფექტიანი და პროფესიონალური, საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობდა გამჭვირვალედ. თუმცა სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ახლანდელ შემადგენლობაში ჭარბობდნენ მმართველი ძალის მიერ არჩეული ან დანიშნული წევრები, რამაც ზეგავლენა იქონია კომისიის მიერ მნიშვნელოვან საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე. არჩევნების დღეს, მონახულებული საარჩევნო უბნების უდიდეს უმრავლესობაში, ზოგიერთი პროცედურული დარღვევის მიუხედავად, დამკვირვებლებმა პროცესის ყველა ეტაპი დადებითად შეაფასეს“.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ და პარტიებმა არაფერი გააკეთეს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად, რამაც შედეგად მოიტანა მათი ძალიან დაბალი წარმომადგენლობა - კანდიდატების ერთ მეოთხედზე ნაკლები იყვნენ ქალები. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ქალები დიდად არ ჩანდნენ კამპანიის მიმდინარეობისას.

ეუთოს მიმართ ვალდებულებებისა და კარგი საერთაშორისო პრაქტიკის საპირისპიროდ, არაპარტიული ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობის საკითხზე საკანონმდებლო ჩარჩო კვლავაც ნაკლოვანია.

12 აპრილს უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მმართველი "ფიდესი" მნიშვნელოვანი უპირატესობით დაამარცხა პეტერ მადიარის "ტისამ". უნგრეთის სახელმწიფო საარჩევნო ადმინისტრაციის ბოლო, განახლებადი მონაცემებით, დათვლილია პროპორციული ხმების თითქმის 99%. წინასწარი მონაცემებით, "ტისას" 136, "ფიდესს" კი 56 მანდატი აქვს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG