Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის „უპრეცედენტო“ თავდასხმა რომის პაპზე. დაძაბულობა თვეების განმავლობაში იყო

ვატიკანი დონალდ ტრამპის სტუმრობის წინ (არქივი)
ვატიკანი დონალდ ტრამპის სტუმრობის წინ (არქივი)

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რომის პაპის ლეონ XIV-ის „სუსტად“ და „არასწორად“ მოხსენიება აშშ-ის ლიდერის უპრეცედენტო პირადი თავდასხმა იყო რომის პაპზე. ეს თვეების განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობის ბოლო გამოვლენაა.

2025 წლის მაისში ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპის არჩევის შემდეგ, ჩანდა, რომ ის საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიგრანტების უფლებებს იცავდა.

დიდი ხნის განმავლობაში ისინი თავს ართმევდნენ ერთმანეთს შორის აზრთა სხვადასხვაობას.
თუმცა, იანვრიდან მოყოლებული, აშშ-ის სამხედრო მოქმედებამ ვენესუელაში, კუბისა და გრენლანდიის წინააღმდეგ მუქარამ და შემდეგ ირანის ომმა, შეშფოთების სულ უფრო მზარდი განცხადებები გამოიწვია ვატიკანის მხრიდან.

12 აპრილს ტრამპმა მძაფრად გააკრიტიკა მსოფლიოს 1.4 მილიარდი კათოლიკეს მამამთავარი და მას უწოდა „სუსტი დანაშაულის საკითხში და საშინელი - საგარეო პოლიტიკაში“. ორშაბათს მან კიდევ ერთხელ გაიმეორა: „ის ცდება“.

კანონიკური სამართლის ექსპერტმა, ლეონმა, არაერთხელ გაუსვა ხაზს საერთაშორისო სამართლის დაცვის მნიშვნელობას, ის სხვათა შორის, აკრიტიკებდა ისრაელის ქმედებებს ღაზაში გასულ წელს.

მაგრამ ის ხშირად განზოგადებულ ფრაზებს იყენებდა, უფრო მწვავე კრიტიკას კი ადგილობრივ სასულიერო პირებს უტოვებდა - იერუსალიმში ლათინური პატრიარქი პიერბატისტა პიცაბალათი დაწყებული, ამერიკელი კარდინალებით დამთავრებული.

ერთი გამონაკლისი იყო, როდესაც მან გააკრიტიკა „არაადამიანური“ მოპყრობა მიგრანტების მიმართ მის სამშობლოში. ამაზე თეთრმა სახლმა ზომიერი კომენტარით უპასუხა და დაიცვა საკუთარი პოლიტიკა იმიგრაციის შესახებ.

ამ ეტაპზე კათოლიკური ეკლესიის მამამთავარი მოგზაურობს აფრიკის ქვეყნებში.

ლეონ XIV-ის რიტორიკა და მშვიდობისკენ მოწოდებები გაძლიერდა, როცა ომი მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა და როცა ტრამპი აპრილის დასაწყისში მთელ ირანულ „ცივილიზაციას“ დაემუქრა. რომის პაპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს „მიუღებელია“.

ამასთანავე, ლეონ XIV-მ მოუწოდა „ყველა ჩართული ქვეყნის მოქალაქეს, დაუკავშირდნენ ხელისუფლებას, პოლიტიკურ ლიდერებს, კონგრესმენებს, სთხოვონ მათ, უთხრან, რომ იმუშაონ მშვიდობისთვის და ყოველთვის უარყონ ომი“.

რომის პაპები ადრეც არ ეთანხმებოდნენ შეერთებულ შტატებს, მაგალითად, იოანე პავლე II კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა 2003 წელს ერაყში შეჭრას.

2025 წლის აპრილში, პაპმა ფრანცისკემ, გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ტრამპის მიერ მიგრანტების დეპორტაცია „მთავარ კრიზისად“ შეაფასა, რასაც პრეზიდენტის სასაზღვრო მმართველის მხრიდან საყვედური მოჰყვა - მას „კათოლიკური ეკლესიის საქმეებისთვის უნდა მიეხედა“.

ფრანცისკეს ბევრმა კრიტიკოსმა ის ანტიამერიკელად შერაცხა.

ტრადიციულად, აშშ-ის პრეზიდენტები ერიდებიან ამერიკელი კათოლიკეების გაღიზიანებას პაპის წინააღმდეგ ზედმეტად ბევრი ლაპარაკით.

გასულ კვირას ვატიკანმა სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭა ვაშინგტონთან დაძაბულობას, რაც უარყო როგორც მცდარი და განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა იანვარში წმინდა საყდრის წარმომადგენელი მძაფრად გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ლეონ XIV-მ კრიტიკული აზრი გამოთქვა აშშ-ის ადმინისტრაციის მისამართით.

პაპმა ტრამპის გამოსვლას ორშაბათს, მისთვის დამახასიათებელი, ზომიერი ფორმით უპასუხა და განაცხადა, რომ მისი „მორალური მოვალეობაა“, გამოვიდეს ომის წინააღმდეგ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ტრამპის მოკავშირე ჯორჯა მელონიმ, ტრამპის კრიტიკა დაგმო, მას „მიუღებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ „მის (ლეონ XIV-ის) მიერ მშვიდობისკენ მოწოდება სწორი და ნორმალური“ იყო.
ტრამპმა იტალიურ მედიას მელონის ნათქვამის გამო განუცხადა, რომ მას შოკი მოჰგვარა მელონის ნათქვამმა. ”მეგონა, გამბედავი იყო. ვცდებოდი,” თქვა ტრამპმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG