მინისტრ ჰადადის თქმით, მისი ეს ვიზიტი სამიოდე კვირით უსწრებს წინ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუილ მაკრონის დაგეგმილ ვიზიტს სომხეთში. ერევანში მაისის დასაწყისში დაგეგმილი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტი, რომელსაც მაკრონი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად დაესწრება.
„[ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას] ვისაუბრეთ ჩვენს ორ ერს შორის კავშირების გაღრმავებაზე“, - წერს ბენჯამინ ჰადადი X-ზე.
„საფრანგეთისა და სომხეთის მეგობრობა ხელშესახებია, ისტორიაში ფესვგადგმული და მომავლისკენ მტკიცედ ორიენტირებული“, - წერს ბენჯამინ ჰადადი და რამდენიმე ფრანგულ-სომხურ პროექტსა და სფეროს ჩამოთვლის:
- „ანატოლ ფრანსის საშუალო სკოლა,
- ფრანკო-სომხური უნივერსიტეტი,
- კულტურა,
- ეკონომიკური პარტნიორობა სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში „საფრანგეთის ელექტროსისტემასთან“ [სახელმწიფო კომპანიასთან],
- ასევე ხელოვნური ინტელექტის სფეროში MistralAI-სთან [ფრანგულ AI კომპანიასთან]“.
„ამ მღელვარე სამყაროში, სომხეთი საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორია“, - წერს იგი.
ჰადადი ერევანში 13 აპრილს ჩავიდა და დაწერა, რომ ხელმძღვანელობს დელეგაციას, რომელშიც ირიცხებიან საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრები და „ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები“.
„კავშირებადობა, ინოვაცია, უსაფრთხოება, კულტურა: ამ მოგზაურობის ცენტრში იქნება ჩვენს სომეხ მეგობრებთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება. ასევე განვიხილავთ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მომავალ სამიტს, რომელსაც ქვეყანა რამდენიმე კვირაში უმასპინძლებს“, - დაწერა ევროპის საკითხთან მინისტრმა.
„დაბოლოს, მე ვიმუშავებ ჩვენს ისტორიულ პარტნიორთან [სომხეთის] დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე არსებული ჩარევის საფრთხეებზე, - რადგან სომხები ლეგიტიმურად მიისწრაფვიან მშვიდობის, დემოკრატიისა და უსაფრთხოებისკენ“, - დაწერა მან.
- სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერევანსა და ბრიუსელში ბოლო პერიოდში საუბრობენ რუსეთიდან შესაძლო ჩარევაზე - რასაც მოსკოვი აპროტესტებს;
- 2026 წლის მარტის შუა რიცხვებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სომხეთში „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფის“ გაგზავნას, რათა ქვეყანას დაეხმარონ „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში.
- ბენჯამინ ჰადადი 2024 წლის სექტემბრიდან არის საფრანგეთის ევროპის საკითხების მინისტრი;
- მას არაერთხელ გაუკრიტიკებია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმის გამო, რასაც დემოკრატიულ უკუსვლასა და „ავტორიტარულ გადახვევებს“ უწოდებს.
- 2026 წლის 7 აპრილს ბენჯამინ ჰადადმა პარიზში მიიღო ქართული ოპოზიციური პარტია „ფედერალისტების“ ლიდერები, გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი.
ფორუმი