ეფესბეს ცნობით, ბიზნესცენტრის მახლობლად გაჩერებული ელექტრო სკუტერის საბარგულში იყო იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. აფეთქება დისტანციურად უნდა ამოქმედებულიყო „სამიზნის აღნიშნულ ბიზნესცენტრში ვიზიტის დროს"
ეფესბემ 3 აპრილს აფეთქების ჩაშლის შესახებ განაცხადა, თუმცა დაგეგმილი თავდასხმის სამიზნე არ დაუკონკრეტებია. სამსახურმა დასძინა, რომ აფეთქება 2024 წლის დეკემბერში გენერალ იგორ კირილოვის მკვლელობის მსგავსად იყო დაგეგმილი.
უკრაინის მოქალაქე, რომელიც ეფესბეს განცხადებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურედ არის მოხსენიებული, დაკავებულია. "რია ნოვოსტიმ" გამოაქვეყნა მისი დაკითხვის ვიდეო, რომელშიც ის აღიარებს დანაშაულს. ვიდეოს მოპოვების გარემოებები არ გახმაურებულა.
ასევე დააკავეს მოლდოვის მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ 2025 წლის დეკემბერში კიშინიოვში დაიქირავეს, და რუსეთის არასრულწლოვანი მოქალაქე, რომელიც, მისი თქმით, ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს შეთავაზებას გამოეხმაურა და „ვინმეზე თვალყურის დევნება“ სთხოვეს.
2024 წლის 17 დეკემბერს მოსკოვში გენერალი იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე მოკლეს.
გამომძიებლების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა გენერლის საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან გაჩერებულ სკუტერზე უზბეკეთის მოქალაქე ახმადჟონ კურბონოვმა ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, უშიშროების სამსახურის ბრძანებით, ჩადო. მან დანაშაული აღიარა და იანვარში კურბონოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. კიდევ რამდენიმე პირს ხანგრძლივი სასჯელი გამოუტანეს. უკრაინული მედია, წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ კირილოვის მოკვლის მიზნით მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოაწყო. ეფესბეს უახლეს ცნობაზე კიევს კომენტარი არ გაუკეთებია.
ფორუმი