- სტერლითამაქში ქიმიური და ნავთობქიმიური პროდუქციის მწარმოებელი რამდენიმე მსხვილი ქარხანაა.
ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურმა რადიი ხაბიროვმა დღის 12 საათისთვის სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ სამრეწველო ზონის თავზე მოგერიებული რამდენიმე დრონის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. ხაბიროვს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა ASTRA თვითმხილველების მიერ გადაღებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ შეტევა იყო „სტერლითამაქის ნავთობქიმიურ ქარხანაზე“, რომელიც სხვა პროდუქციასთან ერთად საავიაციო საწვავსაც აწარმოებს. ეს მსხვილი ქარხანა ჰოლდინგ „როსხიმის“ შემადგენლობაშია.
სტერლითამაქის ამ ქარხანაზე დარტყმის შესახებ წერენ უკრაინული ტელეგრამ-არხებიც Exilenova+ და Supernova+. უკრაინას ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეტევა არაერთხელ მიიტანეს როგორც სტერლითამაქის სამრეწველო ზონაზე, ისე ბაშკირეთის დედაქალაქ უფასა და ქალაქ სალავატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ და ნავთობქიმიურ ქარხნებზე.
განახლება: 15 აპრილს, დღის ორი საათისთვის ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურ რადიი ხაბიროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ სტერლითამაქის სამრეწველო ზონაზე დრონებით შეტევის შედეგად დაიღუპა ერთ-ერთი საწარმოს სახანძრო დაცვის სამსახურის მძღოლი.
- უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
- რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი