ამის შესახებ მან ისაუბრა პარლამენტში, სადაც ის ინტერპელაციის წესით ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მიიწვია.
„დღემდე არ არსებობს არცერთი ფაქტი იმის დამდასტურებელი, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით რაიმე დაშავდა... მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კეთილსინდისიერად ასრულებს ამ სანქციებს, არ წყდება ამ თემით სპეკულაციები და აღნიშნული საკითხის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ“, - თქვა ბოჭორიშვილმა.
მისი ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ:
- 2777 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა გააბრუნეს სანქცირებული ტვირთი;
- 1950-ჯერ თქვეს უარი რეექსპორტისთვის განკუთვნილი ტვირთის რეგისტრაციაზე;
- 61 გემს უთხრეს უარი საქართველოს პორტებში შემოსვლაზე.
საერთაშორისო სანქციები
რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესა. საქართველო ამბობს, რომ ამ სანქციებს აღასრულებს, თუმცა თავად არ დაუწესებს.
სანქციის საფრთხე
2025 წლის 9 თებერვალს რადიო თავისუფლებამ მოამზადა სტატია, რომლის მიხედვითაც, ყულევის პორტის ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ჩასმა განიხილებოდა:
„[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.
საბოლოოდ, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა.
„საქართველოში მდებარე ყულევის პორტის ჩართვა თავდაპირველად განიხილებოდა სანქციების მე-20 პაკეტში, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების შესვლის გამო. ეს საწყისი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს. მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისადმი ევროკავშირის წარმომადგენლის სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანის 5 მარტით დათარიღებულ წერილში.
ფორუმი