Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა

სასწრაფო დახმარების მანქანები სკოლის წინ, სადაც სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. კაჰრამანმარასი. 15 აპრილი, 2026.
სასწრაფო დახმარების მანქანები სკოლის წინ, სადაც სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. კაჰრამანმარასი. 15 აპრილი, 2026.

თურქეთში სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა. ეს ქვეყანაში სკოლაში მომხდარი თავდასხმის მეორე შემთხვევაა უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში.

სროლა სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია ქაჰრამანმარაშში მოხდა. დაღუპულთა შორის არიან ერთი მასწავლებელი და სამი მოსწავლე. გუბერნატორის თქმით, თავდამსხმელი, რომელიც იმავე სკოლის მოსწავლე იყო, მკვდარია. სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა. გაურკვეველია, შედის თუ არა ის ოთხ დაღუპულს შორის.

თურქეთის მედია ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისროდა მერვე კლასის მოსწავლე. ის სკოლაში მივიდა ხუთი იარაღით, რომლებიც, სავარაუდოდ, მამამისს, ყოფილ პოლიციელს ეკუთვნოდა. თავდამსხმელის მოტივის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია.

14 აპრილს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში პროფესიულ-ტექნიკურ ლიცეუმზე თავდასხმის შედეგად დაშავდა დაახლოებით 20 ადამიანი, ძირითადად მოსწავლეები. იტყობინებიან, რომ ცეცხლი გახსნა ლიცეუმის ყოფილმა მოსწავლემ. ხელისუფლების თანახმად, პოლიციის მისვლის შემდეგ მან თავი მოიკლა.

თავდამსხმელი 18 წლის იყო. სროლა მოხდა ქალაქ სივერექში. გავრცელებული ცნობებით, ყოფილმა მოსწავლემ ეზოში გახსნა ცეცხლი გრძელლულიანი იარაღით, შემდეგ შენობაში შევიდა და სროლა განაგრძო. ზოგიერთი მოსწავლე თავის საშველად ფანჯრიდან გადახტა.

ასეთი თავდასხმები თურქეთში უკიდურესად იშვიათია. ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, უკავშირდება თუ არა ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარი ორი თავდასხმა ერთმანეთს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG