Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევსა და დნიპროში მსხვერპლია - რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა

16 აპრილს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე
16 აპრილს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე

მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგ მასირებულ შეტევას რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაშავდა სარაკეტო დარტყმის შედეგად დედაქალაქ კიევში.

კიევზე რაკეტებით შეტევა 16 აპრილს ღამის ორი საათის შემდეგ დაიწყო. მანამდე გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში იყვნენ.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათის მდგომარეობით, დაღუპულია 12 წლის ბიჭი და 35 წლის ქალი. დაშავებულია 18 ადამიანი. დაშავებულთა შორისაა 4 მედიკოსი, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

განახლება: კიევის მერის ტელეგრამ-არხზე დილის რვა საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაღუპულია 4 და დაშავებულია 45 ადამიანი.

კიევის სხვადასხვა რაიონში დაზიანებული ან ნაწილობრივ დანგრეულია ათზე მეტი სახლი და საოფისე და სასტუმროს შენობები. გაჩნდა ხანძრები.

რუსეთის სარაკეტო დარტყმით გამოწვეული ხანძარი და განადგურებული ავტომანქანები კიევში. 2026 წლის 16 აპრილი
რუსეთის სარაკეტო დარტყმით გამოწვეული ხანძარი და განადგურებული ავტომანქანები კიევში. 2026 წლის 16 აპრილი

რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად მსხვერპლია დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ დნიპროშიც.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას მიერ სოციალური ქსელებით 16 აპრილს გამთენიისას გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი და 10 დაშავდა. ხანძარი გაჩნდა რამდენიმე სახლში. დაზიანებულია სასწავლო დაწესებულების შენობა.

განახლება: დილის შვიდი საათისთვის ოლექსანდრ განჟას ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა და 27 დაიჭრა. ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

  • რუსეთის ჯარები ქალაქ დნიპროს ზედიზედ მესამე დღეა უტევენ. 14 და 15 აპრილს რაკეტებით და დრონებით დარტყმების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ 16 აპრილს სოციალური ქსელებით გაავრცელა ქალაქ დნიპროზე რუსეთის ჯარების შეტევის შედეგების ამსახველი ფოტოები
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ 16 აპრილს სოციალური ქსელებით გაავრცელა ქალაქ დნიპროზე რუსეთის ჯარების შეტევის შედეგების ამსახველი ფოტოები

16 აპრილს რუსული დრონებით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზე. მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე ორი ადამიანი. დაზიანებულია რამდენიმე სახლი და გაზსადენი.





ფორუმი

XS
SM
MD
LG