16 აპრილს გამთენიისას კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტუაფსეში სახლებზე დრონებით შეტევის შედეგად დაიღუპა ორი არასრულწლოვანი - 5 და 14 წლის. კიდევ ორი ადამიანი დაშავებულია.
გუბერნატორის თანახმად, დაზიანებულია ხუთი კერძო და ერთი მრავალბინიანი სახლი და დრონების „მრავალრიცხოვანი ფრაგმენტები“ ჩამოცვივდა საზღვაო პორტის რაიონში მდებარე საწარმოს ტერიტორიაზე. კონდრატიევს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა ASTRA თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ დარტყმა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელსაც საზღვაო ტერმინალიც აქვს.
- ტუაფსეში მდებარე ამ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართული კომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაშია, დრონებით არაერთი შეტევა იყო 2024-2025 წლებშიც.
16 აპრილს ტუაფსეში არ იმუშავებენ სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები. ინფორმაცია დილით გამოქვეყნდა მუნიციპალური ოლქის ხელმძღვანელ სერგეი ბოიკოს ტელეგრამ-არხზე. ბოიკოს თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია „სიტუაციასთან დაკავშირებით“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 16 აპრილს დილით გამოქვეყნებული მოკლე ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში კრასნოდარის მხარეში, რუსეთის კიდევ ხუთ რეგიონში, ყირიმში და შავი და აზოვის ზღვების თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს" 207 უკრაინული დრონი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
გასულ ღამით რუსული დრონებით და რაკეტებით მასირებული შეტევა იყო უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე, სადაც დაღუპულთა შორის ბავშვიცაა.
ფორუმი