Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოველ კაცს 16 წლით მიუსაჯეს პატიმრობა, მოძრაობა "არტპოდგოტოვკასთან" კავშირის გამო

ვიაჩესლავ მალცევი
ვიაჩესლავ მალცევი

მოსკოვის სასამართლომ 39 წლის ტექნიკის შემკეთებელი ანდრეი ხოროშკო 16 წლით გაუშვა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში (სასჯელის პირველი სამი წელი მან ციხეში უნდა დაჰყოს) ორი შეტყობინების გამო.

მან შეტყობინებები გაუგზავნა მოძრაობა "არტპოდგოტოვკის" დამფუძნებელ ვიაჩესლავ მალცევს და ამ მოძრაობას გადაურიცხა 2201 რუბლი (დაახლოებით 29 ამერიკული დოლარი). ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა "მედიაზონა", რომელიც განსასჯელის ბოლო სიტყვის ჩანაწერსაც აქვეყნებს.

ხოროშკო დამნაშავედ ცნეს ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობასა და ტერორიზმის დაფინანსებაში. რუსეთის ხელისუფლებას "არტპოდგოტოვკა" ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული.

ანდრე ხოროშკო 2025 წლის აპრილში დააკავეს და მან ერთი წელიწადი გაატარა საგამოძიებო იზოლატორში. გამოძიების ვერსიით, 2024 წელს გაგზავნილი შეტყობინებით მან უცხოეთში მცხოვრებ მალცევს სთხოვა მისთვის მიეცა "დავალება, ოღონდ ძალიან რთული არა", მეორე წერილში კი მას შეატყობინა, რომ ნახა როგორ აფრინდნენ თვითმფრინავები და ვერტმფრენები ანაპის აეროდრომიდან. ეფესბე მიიჩნევს, რომ მან მალცევს აეროდრომის კოორდინატები გადასცა. ხოროშკოს მიერ საველე ეკიპირების შესყიდვა გამოძიებამ მიიჩნია მზადებად "პარტიზანული ტერორისტული ქმედებებისთვის". გარდა ამისა, მან მალცევს გაუგზავნა 2201 რუბლი და 59 კაპიკი.

ხოროშკომ აღიარა, რომ ფული გადარიცხა, მაგრამ განაცხადა, რომ არ იყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი და არ იზიარებდა მალცევის იდეებს - მას უბრალოდ მალცევთან გასაუბრება სურდა.

"გთხოვთ, ჩემს შვილს ნუ დატოვებთ მამის, და ოჯახს მარჩენლის გარეშე ასეთი დიდი დროით", - თქვა ხოროშკომ ბოლო სიტყვაში.

პროკურატურა მისთვის 23 წლით პატიმრობას მოითხოვდა.

იუტუბზე მოქმედი არხი, "არტპოდგოტოვკა" სარატოველმა პოლიტიკოსმა, ვიაჩესლავ მალცევმა შექმნა. 2016 წელს იგი სახელმწიფო სათათბიროში იყრიდა კენჭს, ვიდეოჩანაწერებში ყვებოდა დაგეგმილ "რევოლუციაზე". შემდეგ მალცევი რუსეთიდან ემიგრაციაში გაემგზავრა.

"არტპოდგოტოვკა" ექსტრემისტულ ორგანიზაციად 2017 წელს გამოცხადდა, 2021 წელს ის ეფესბემ ტერორისტული ორგანიზაციების სიაშიც შეიტანა.


რუსეთში 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციონერ აქტივისტს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:41 0:00

ფორუმი

XS
SM
MD
LG