Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters-ი: 2028 წლისთვის კიდევ ოთხი მილიონი ადამიანი იქნება ლტოლვილი

ლტოლვილები უგანდაში
ლტოლვილები უგანდაში

2027 წლის ბოლომდე მსოფლიოს მასშტაბით ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდება სახლ-კარი დატოვოს, ომებისა და დონორების მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების შემცირების გამო.

ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, ლტოლვილთა საქმეების დანიის საბჭოს გენერალურ მდივანზე, შარლოტ სლენტეზე დაყრდნობით.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, მსოფლიოს გარშემო უკვე 117 მილიონამდე ადამიანია იძულებით გადაადგილებული. ასეთ ფონზე, კონფლიქტთა რიცხვი დაახლოებით 130-მდე გაიზარდა, რაც ორჯერ აჭარბებს 21-ე საუკუნის დასაწყისის სურათს.

"ოჯახებისთვის, რომლებიც ომს გაურბიან მხოლოდ იმით, რაც აცვიათ, იმედი მცირეა: ოდესღაც არსებულ დაცვის საერთაშორისო ბადეში ახლა დიდი ხვრელებია, ჰუმანიტარული დახმარების შემცირების ფონზე", - ამბობს სლენტე.

იძულებით გადაადგილებული ადამიანების რიცხვის ყველაზე დიდი ზრდა მოსალოდნელია სუდანში, სადაც ომი უკვე მეოთხე წელია გრძელდება. ამ პერიოდში სახლ-კარი დატოვა 13.5 მილიონამდე ადამიანმა, უახლოეს ორ წელიწადში იგივე ბედი შეიძლება ეწიოს კიდევ 670 ათას პირს.

დაფინანსების ნაკლებობის გამო გაეროს სააგენტოები გამოდიან გაფრთხილებით, რომ შესაძლოა წყლის და საკვების მიწოდების შეწყვეტა მოუწიოთ მეზობელ ჩადში.

დანიის ლტოლვილთა საბჭოს მონაცემები შედგენილია 27 ქვეყნის გარემოებების შესწავლის საფუძველზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG