ბლოგერი ამბობს, რომ მასზე ემოციურად იმოქმედა კრემლში მისი მიმართვის ნახვამ და შეტყობინებამ, რომ წამოჭრილ საკითხებზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა.
ახალი ვიდეო ბონიამ მას მერე ჩაწერა, რაც მის მიმართვაზე კომენტარი გააკეთა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. მან თქვა, რომ ბონიას ვიდეომ "აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო" და დასძინა, რომ ბლოგერის მიერ წამოჭრილ საკითხებზე "მიმდინარეობს მასშტაბური მუშაობა, ამაში ჩართულია ბევრი პირი".
ბონიამ 14 აპრილს "ხალხის სახელით" ჩაწერა პუტინისადმი მიმართვა, რომელშიც ჩამოთვალა ხუთი პრობლემა - ამ პრობლემებზე, მისი აზრით, პრეზიდენტს სრულ ინფორმაციას არ აწვდიან. ესენია წყალდიდობა დაღესტანში, სანაპიროს დაბინძურება ანაპაში, წესები, რომლითაც წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებს ხოცავენ, ნოვოსიბირსკში შინაური ცხოველების ჩამორთმევა და ინტერნეტის ბლოკირება.
ბლოგერმა ილაპარაკა "უზარმაზარ კედელზე" ხალხსა და პუტინს შორის და იმაზეც, რომ პუტინის ყველას ეშინია, "გუბერნატორებსაც კი".
ბონიას ვიდეოს ინსტაგრამზე ორი დღის განმავლობაში მილიონზე მეტი მოწონება ერგო.
ბონიას მხარდასაჭერად გამოვიდა ბლოგერი აიზაც - რომელიც რეპერ გუფის ყოფილი ცოლია და ინსტაგრამზე ოთხ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. თავის მიმართვაში მანაც ილაპარაკა რუსეთის მოქალაქეების პრობლემებზე და კორუფციაც ახსენა.
ბონიას მიმართვას გამოეხმაურა რესტორნების ქსელი "ვკუსნო ი ტოჩკაც" (2022 წლამდე - McDonald's-ი). კომენტარებში განიხილავენ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მილიონობით რუბლის ოდენობის დანახარჯებს უცხოური სოციალური ქსელების შესაზღუდად.
ბონიას მიმართვის შემდეგ კრემლის მომხრე მედიასაშუალებებმა და ბლოგერებმა, ასევე სოციალურ ქსელ "ВКонтакте"-ზე კრემლის ინტერესებისთვის მოქმედმა ბოტებმა ბლოგერი დაადანაშაულეს უცხოეთის სამსახურების რიტორიკის გამეორებაში, იგი შეადარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ქვრივს, იულიას.
15 აპრილს ბონიამ განაცხადა, რომ მიმართვის გამოქვეყნების შემდეგ მას დაუკავშირდნენ ჟურნალისტები, მათ შორის იური დუდი, ასევე დამოუკიდებელი მედიასაშუალებები "დოჟდი" და The Insider-ი. მაგრამ ბონია აცხადებს, რომ მათთვის ინტერვიუების მიცემას არ აპირებს, რადგან იგი ოპოზიციონერი არ არის.
ფორუმი