ტელეკომპანია ZDF-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები 17 აპრილს გამოქვეყნდა.
ZDF-ის ტრადიციულ გამოკითხვებში ულტრამემარჯვენეებმა პირველად გაუსწრეს მმართველ კოალიციაში მყოფი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) კონსერვატიულ ბლოკს.
გამოკითხვის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, პარტიას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმას მისცემდა 26%, ხოლო კონსერვატიულ ბლოკს - 25%. მარტთან შედარებით ულტრამემარჯვენეების მხარდაჭერის მაჩვენებელი არ შეცვლილა, CDU/CSU-ს მხარდაჭერა კი 1%-ითაა შემცირებული.
12%-იანი მხარდაჭერა აქვს CDU/CSU-თან ერთად მმართველ კოალიციაში მყოფ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მარტთან შედარებით მისი მხარდაჭერის მაჩვენებელიც 1%-ითაა შემცირებული.
ამ მონაცემებით, კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს დღევანდელი მმართველი „შავ-წითელი" კოალიცია საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებდა.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, 17 აპრილს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებით, „მწვანეებს“ მხარს უჭერს 14%, „მემარცხენეებს“ - 11%.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, თუ გერმანიის ფედერალური მთავრობის მუშაობით მარტში კმაყოფილი იყო 34%, აპრილში ეს მაჩვენებელი 27%-ია.
კანცლერ ფრიდრიხ მერცის საქმიანობას უარყოფითად აფასებს 65% (მარტში 57%).
ტელეკომპანია ZDF-ის დაკვეთით გამოკითხვა 2026 წლის 14-16 აპრილს ჩაატარა კვლევითმა ჯგუფმა Wahlen. მან ხმის უფლების მქონე 1355 მოქალაქე გამოჰკითხა.
გერმანელი ულტრამემარჯვენეების რეიტინგის ზრდა აჩვენა სხვა სოციოლოგიური ინსტიტუტების კვლევებმაც. მაგალითად, YouGov-ის მიერ 10-13 აპრილს ჩატარებული გამოკითხვით, უახლოეს კვირადღეს არჩევნები რომ ტარდებოდეს, პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარს დაუჭერდა 27%.
- გერმანიაში 2025 წლის თებერვალში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ულტრამემარჯვენეებმა ხმების 20,8% მიიღეს.
- ბლოკმა CDU/CSU - 28,6% და სოციალ-დემოკრატებმა - 16,4%.
ფორუმი