Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰორმუზს გემები "ირანის გუშაგთა კორპუსის" თანხმობით გაივლიან, აქტივების გამოთავისუფლებაც შეთანხმების ნაწილია - ირანის ოფიციალური პირი

17 აპრილს გავრცელებული ცნობა, რომ ყველა სავაჭრო გემს შეუძლია ჰორმუზის სრუტეში გაცურვა, ნამდვილია, მაგრამ ეს "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან" უნდა შეთანხმდეს, განუცხადა Reuters-ს ირანის მაღალი რანგის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ შეთანხმების ნაწილია ასევე ირანის გაყინული ფონდების გათავისუფლება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ X-ზე დაწერა, რომ სრუტე ღიაა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ირანთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმება "მალე" იქნება მიღწეული, თუმცა დროის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

"ჰორმუზის სრუტე სრულად ღიაა და მზად არის საქმიანი და შეუზღუდავი მიმოსვლისთვის; თუმცა საზღვაო ბლოკადა სრულად შენარჩუნდება მხოლოდ ირანის წინააღმდეგ, სანამ ირანთან ჩვენი შეთანხმება 100%-ით არ შესრულდება", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის ნათქვამს მკაცრად უპასუხა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა: ესმაილ ბაღაეიმ გაფრთხილება გამოთქვა, რომ თუ საზღვაო ბლოკადა გაგრძელდა, თეირანი "საჭირო საპასუხო ზომებს" მიიღებდა.


ირანის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ტრანზიტები შეიზღუდებოდა იმ საზღვაო გზებზე, რომლებსაც ირანი უსაფრთხოდ ჩათვლიდა, და დააზუსტა, რომ სამხედრო ხომალდებს სრუტით გავლა ეკრძალებოდათ.

არ იყო გასაგები, მოიცავდა თუ არა ეს 1970-იანი წლებიდან საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის მიერ გამოყენებულ ტრანსპორტის გამყოფ სქემას (TSS), რომელიც არეგულირებს სრუტეში შესვლა-გამოსვლას.

"აშშ-ის ხომალდებსაც ექნებათ ნებართვა, სამხედრო გემების გამოკლებით", — თქვა მან.

"ნაოსნობა ირანთან "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა" და ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის ნებართვით განხორციელდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას გემების უსაფრთხოება", — თქვა ოფიციალურმა პირმა.
საზღვაო ტრანსპორტის სფეროს ასოციაციებმა განაცხადეს, რომ სიტუაციას განიხილავენ.

"ჩვენ ამჟამად ვამოწმებთ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ განცხადებას, იმ მხრივ, თუ რამდენად შეესაბამება ის ყველა სავაჭრო გემისთვის ნაოსნობის თავისუფლებასა და უსაფრთხო გადაადგილებას", — განაცხადა ცალკე არსენიო დომინგესმა, გაეროს საზღვაო სააგენტოს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG