Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავარაუდოდ, აშშ-სა და ირანს შორის ომის გამო შეფერხდება ევროპის მიმართულებით იარაღის მიწოდება

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ზოგიერთ ევროპელ კოლეგას აცნობეს, რომ ადრე ხელმოწერილი კონტრაქტებით გათვალისწინებული იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ, აშშ-სა და ირანს შორის ომის გამო შეფერხდება.

ამის შესახებ იტყობინება Reuters-ი ხუთ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც იცნობენ ვითარებას და რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს. მათი თქმით, ეს გავლენას მოახდენს რამდენიმე ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორის ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებზე.
საუბარია გარკვეული სახეობის იარაღზე, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა შეიძინეს უცხოური სამხედრო გაყიდვების (FMS) პროგრამის ფარგლებში, თუმცა ჯერ მათი მიწოდება არ მომხდარა.

სააგენტო წერს, რომ იარაღის მიწოდების შეფერხება აჩვენებს, თუ ირანის წინააღმდეგ ომის გამო, რომელიც 28 თებერვლიდან მიმდინარეობს, რამდენად დაიწყო „ამერიკული მნიშვნელოვანი ზოგიერთი იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგების ამოწურვა“.

აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა მილიარდობით დოლარით შეამცირა თავისი იარაღის მარაგები, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ჯერ კიდევ ირანთან ომამდე, სხვა ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით - რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ისრაელის მიერ ღაზაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.

აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიანი შეთანხმება მოქმედებს. ერთი კვირის წინ, პაკისტანის დედაქალაქში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ისინი „შინაარსიანი“ იყო, თუმცა ირანი არ დათანხმდა აშშ-ის ძირითად მოთხოვნებს, რომლებიც მის ბირთვულ პროგრამასა და ჰორმუზის სრუტის გახსნას ეხებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი „ძალიან ახლოს“ არიან შეთანხმებასთან და რომ ამერიკის და ირანის წარმომადგენლები შესაძლოა, მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის ამ შაბათ-კვირას შეხვდნენ. „ვნახოთ რა მოხდება. თუმცა ვფიქრობ, ირანთან შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ“, - თქვა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG