სწორედ ამ შეხვედრებისას განიხილეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის ფორმატში სომხეთის ჩართვა.
ინიციატივა საქართველოს და თურქეთის წარმომადგენლების შეხვედრისას გაჟღერდა. საქართველოს წარმომადგენელი, სპიკერი შალვა პაპუაშვილი 17 აპრილს შეხვდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ნუმან ქურთულმუშს.
„სომხეთის ჩართვა“
ნუმან ქურთულმუშის ოფისის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:
- მან პაპუაშვილს უთხრა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას;
- რომ ამ მიზნით ერთობლივი ძალისხმევა უნდა გაიზარდოს;
- თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი მექანიზმი უნდა გაძლიერდეს;
- „მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებზე ყოვლისმომცველი მუშაობა შეიძლება განხორციელდეს ამ მექანიზმში სომხეთის ჩართვით“.
საქართველოს პარლამენტის გავრცელებულ ცნობაში სომხეთზე აქცენტი არ არის, თუმცა წერია, რომ პაპუაშვილმა თურქ კოლეგასთან ისაუბრა „საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე და რეგიონული საპარლამენტო ფორმატების შემდგომ გააქტიურებაზე“.
„აღვნიშნეთ, რომ საქართველო უმასპინძლებს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივ შეხვედრას“, - წერია პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგვიანებით ნუმან ქურთულმუში შეხვდა სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს, ალენ სიმონიანს.
სომხეთის პარლამენტის პრესცენტრის თანახმად, ალენ სიმონიანმა „კმაყოფილება გამოთქვა თურქი კოლეგის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს გაკეთებული წინადადების გამო“.
„თანამოსაუბრეებმა განიხილეს ამ ინიციატივის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები“, - წერს სომხეთის პარლამენტი.
ამავე ფორუმის კულუარებში ორმხრივი შეხვედრები ასევე გამართეს:
- ალენ სიმონიანმა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპიკერმა, საჰიბა გაფაროვამ;
- ალენ სიმონიანმა და შალვა პაპუაშვილმა; ისაუბრეს სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც.
- შალვა პაპუაშვილმა და საჰიბა გაფაროვამ.
სომხეთს გასული საუკუნის ბოლოს ყარაბაღის ომისა და შემდგომი მოვლენების ფონზე, დიპლომატიური ურთიერთობები, მიმოსვლა და ვაჭრობა არ ჰქონდა ორ მეზობელთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ბოლო წლებია, ორივე ქვეყანასთან ნორმალიზაციის პროცესია დაწყებული.
ფორუმი