დაკავებულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე - „უცხო ქვეყნის“. კონკრეტულად რომელი ქვეყნის, სუსს არ დაუსახელებია.
ჯერჯერობით უცნობია დაკავებულთა ვინაობაც.
„უპირობო მორჩილება“
სუსის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ 20 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ:
- ისინი გაწევრიანდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში;
- დადეს ერთგულების ფიცი (რასაც მაღრაძემ „ე.წ. ბაიათი“ უწოდა);
- ფიცის დადება ასახეს ვიდეოფაილად;
- ვიდეოფაილი გაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს და „უპირობო მორჩილება გამოუცხადეს მათ“.
„ისინი მზად იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების ნებისმიერი დავალების შესასრულებლად“, - განაცხადა მაღრაძემ.
„სხვა ქვეყანაში“
ლაშა მაღრაძის თქმით, გამოძიების თანახმად, დაკავებულები საქართველოდან მიემგზავრებოდნენ „სხვა ქვეყანაში“.
იქ ისინი „უნდა შეერთებოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ სხვა მებრძოლებს“, - განაცხადა ლაშა მაღრაძემ. ეს ქვეყანა არ დაუსახელებია.
სუსის თანახმადვე, დაკავების შემდეგ „ამოღებულია“:
- ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები;
- დაურეგისტრირებელი სიმ-ბარათები;
- მობილური ტელეფონები;
- ISIS-ის სიმბოლიკის ნივთები;
- ნიღბები;
- პირადი დოკუმენტები.
სუსის თანახმად, დაკავებულები საქართველოში ცალ-ცალკე ჩამოვიდნენ, დაბინავდნენ ცალ-ცალკე ბინაში და „შემოსვლის დღიდანვე“ იყვნენ „კონტროლის ქვეშ, - მოსამართლის განჩინების საფუძველზე“.
უწყების თანახმად, ამ პირთა შესახებ კონტრტერორისტული ცენტრისთვის ცნობილი იყო და წინასწარ ფლობდნენ ინფორმაციას „მათი საქართველოში შემოსვლისა და შემოსვლის მიზნობრიობის შესახებ“.
10-დან 17 წლამდე პატიმრობა
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს.
ეს მუხლი გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას.
დაკავებულებს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ დააზუსტა, რომ ბრალდებულები დააკავეს კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ჩატარებული სპეციალური ღონისძიების ფარგლებში.
მისივე თქმით, ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარაში ჩაატარეს.
ISIS და საქართველო
- 2019 წელს აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა სირიელ მებრძოლთა ალიანსმა განაცხადა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიაში კონტროლის ქვეშ მყოფი ბოლო ტერიტორიული კერა დაკარგა;
- თუმცა ამის შემდეგ ჯიჰადისტურმა ჯგუფმა რამდენიმე თავდასხმა მაინც განახორციელა.
- გაეროს განცხადებით, ჯგუფს სირიასა და ერაყში კვლავ 5 000-დან 7 000-მდე მებრძოლი ჰყავს.
- წლების წინ საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იღებდა სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, არაერთი დაიღუპა, მათ შორის ბირკიანელი თარხან ბათირაშვილი (აბუ ომარ ალ-შიშანი).
- ISIS-ის წევრობის ბრალდებით საქართველოში 2021 წელს ხუთი ადამიანი დააკავეს.
- 2017 წლის 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა ISIS-ის ერთ-ერთი წევრი, აჰმედ ჩატაევი (მან თავი აიფეთქა).
ფორუმი