ისრაელის თავდაცვის არმიამ ორშაბათს, 20 აპრილს, განაცხადა, რომ დადგენილია სოცქსელებში გავრცელებული ფოტოს ნამდვილობა: მასზე აღბეჭდილია ისრაელელი ჯარისკაცი, რომელიც უროთი ამსხვრევს ჯვარცმული ქრისტეს ქანდაკების თავს სამხრეთ ლიბანში. ამის შესახებ Deutsche Welle იტყობინება.
„პირველადი შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ფოტოზე გამოსახულია ისრაელის თავდაცვის არმიის ჯარისკაცი, რომელიც სამხრეთ ლიბანში მოქმედებს,“ ნათქვამია არმიის მიერ სოცქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ამ ინციდენტს „უკიდურესი სერიოზულობით ეკიდებიან“, ჯარისკაცის საქციელი „სრულიად ეწინააღმდეგება ღირებულებებს, რომლებსაც იზიარებენ სამხედროები“.
არმიამ განაცხადა ასევე, რომ გამოძიების შემდეგ სათანადო ზომებს მიიღებს ინციდენტის მონაწილეთა მიმართ. ასევე ის თანამშრომლობს ადგილობრივ თემთან, რათა ქანდაკება აღდგენილ იქნეს.
არაბულენოვანი მედიასაშუალებების ცნობით, ქანდაკება მდებარეობს სამხრეთ ლიბანის სოფელ დებლში, ისრაელის საზღვრის მახლობლად.
ქრისტიანები ლიბანის მოსახლეობის თითქმის ერთ მესამედს შეადგენენ.
ლიბანი ახლო აღმოსავლეთის ამჟამინდელ კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ლიბანში მოქმედმა რადიკალურმა შიიტურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, ისრაელზე სარაკეტო იერიშები დაიწყო მარტის დამდეგს. ისრაელმა ამას უპასუხა მთელი ქვეყნის წინააღმდეგ მასირებული დარტყმებით და სამხრეთ ლიბანში ჯარების შეყვანით. ისრაელის ჯარები სამხრეთ ლიბანში რჩებიან მიუხედავად იმისა, რომ 18 აპრილს ჰეზბოლასთან მიღწეულ იქნა საზავო შეთანხმება.
ფორუმი