Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

66 წლის კაცი დააკავეს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების ბრალდებით

სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარებისა და თაღლითობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს.
სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარებისა და თაღლითობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავეს 66 წლის კაცი, - მას ედავებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარებასა და თაღლითობას.

21 აპრილს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, არჩილ ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულის ინიციალებია ვ.შ..

გამოძიების ვერსიით:

  • ის მოქმედებდა „დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად“;
  • ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ მოქალაქეებს - წვევამდელებს - ეხმარებოდა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში;
  • იყენებდა „ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ ყალბ სამედიცინო დოკუმენტებს“.

გამოძიების ვერსიით, მან დახმარება გაუწია 30-ზე მეტ პირს და „თაღლითურად დაეუფლა 100 000 ლარზე მეტს“.

„მარიხუანა“

არჩილ ნიკოლეიშვილის განცხადებითვე, დაკავებული პირის პირადი ჩხრეკისას „ამოიღეს“:

  • 6000 ლარზე მეტი,
  • სახლის ჩხრეკისას - 105 000 აშშ დოლარი,
  • დამატებით კიდევ 50 000 ლარი,
  • ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელიც დაფასოებული იყო.

სამინისტროს თანახმად, გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, „რის შედეგადაც შეიძლება დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს“.

ბრალდება

დაკავებულ კაცს ბრალად ედება:

  • თაღლითობა - „რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია“;
  • ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება.

მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სამინისტრომ გაავრცელა ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები - მოქალაქე ბრალდებულს ეკითხება:

- „მომისმინე, ეს ბიჭი ამბობს, მეშინია, რამე უკანონოს ხომ არ ვაკეთებო“.

- „გიჟი ხო ხომ არ ხარ? წავა გორში და იქიდან გაუშვებენ. კანონიერია ყველაფერი“, - პასუხობს ბრალდებული.

- „კანონიერია, ხომ?“ - აზუსტებს მოქალაქე, - სავარაუდოდ, შუა ხნის ქალი, - რაზეც კაცი პასუხობს: „სოფელში გაიკითხოს ვინ გააკეთა, ხომ არ გაგიჟდი“.

ისინი აზერბაიჯანულ ენაზე საუბრობენ.

კადრებში ჩანს კუპიურების დათვლისა და გადაცემის ეპიზოდიც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია 3500 ლარზე.

ჯარში გაწვევა

ყოველწლიურად ახალწვეულების ჯარში გაწვევის დეტალურ პროცედურას მთავრობა დადგენილების გამოცემით არეგულირებს.

მაგალითად, 2025 წლის დადგენილების თანახმად, 2026 წელს 5 800 ადამიანი აკმაყოფილებს სავალდებულო ჯარის გავლის კრიტერიუმებს.

საუბარია 18-დან 27 წლამდე კაცებზე.

ამჟამად განიხილება კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგაც, ჯარში გამოძახების მუხლს ახალი ჩანაწერები დაემატება.

წვევამდელის გამოძახება ჯარში შესაძლებელი იქნება როგორც უწყების ჩაბარებით, ასევე ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორისაა მოკლე ტექსტური შეტყობინება).

თუ წვევამდელი შეტყობინებას ჯარში გაწვევის შესახებ პირადად არ იბარებს, არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ან ელექტრონულ ფოსტას არ პასუხობს და ფოსტის მეშვეობით გაგზავნაც შეუძლებელია, მაშინ სამხედრო აღრიცხვის ორგანო უწყებას ოფიციალურ ვებსაიტზე აქვეყნებს.

უწყება გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ავტომატურად ჩაბარებულად ჩაითვლება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG