Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად შექმნა ახალი სამოქალაქო მისია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის - კაია კალასისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის შეხვედრა ბრიუსელში. 14 აპრილი, 2026
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის - კაია კალასისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის შეხვედრა ბრიუსელში. 14 აპრილი, 2026

21 აპრილს ევროკავშირის საბჭომ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში დააფუძნა „ევროკავშირის საპარტნიორო მისია (EUPM) სომხეთში, ამ ქვეყნის დემოკრატიული მედეგობისა და კრიზისების მართვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ევროკავშირის ოფიციალური ინფორმაციით, EUPM დაეხმარება სომხეთს “ისეთ მრავალშრიან საფრთხეებთან გამკლავებაში, როგორებიცაა უცხოური საინფორმაციო მანიპულაცია და ჩარევა (FIMI), კიბერშეტევები და უკანონო ფინანსური ნაკადები. ევროკავშირის ახალი მისია სომხეთის სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყებას უზრუნველყოფს სტრატეგიული რჩევებით და შესაძლებლობების გაძლიერებით“.

მისია სომხეთს შესთავაზებს ოპერატიულ რჩევებსაც და შექმნის პროექტის განყოფილებას, რომელიც პარტნიორებთან კოორდინაციით, პასუხისმგებელი იქნება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა:

“სომხები მასიური დეზინფორმაციული კამპანიებისა და კიბერთავდასხმების პირისპირ იმყოფებიან. მომდევნო წლებში, ევროკავშირის სამოქალაქო მისია გასცემს ექსპერტულ რჩევებს, სომხეთის სამთავრობო უწყებებისა და გუნდისთვის, სწრაფი მოქმედებისთვის. როცა ივნისში სომხები წავლენ საარჩევნო უბნებზე, მათ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თავიანთი ქვეყნის მომავალზე. ევროკავშირი ხელს უწყობს სომხეთის მედეგობის გაზრდას“.

ევროკავშირის პარტნიორობის მისიას სომხეთში თავდაპირველად ორწლიანი მანდატი ექნება და მისი ოპერატიული შტაბ-ბინა განთავსდება სომხეთში. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სამოქალაქო ოპერაციების შტაბ-ბინის მმართველი დირექტორი სტეფანო ტომატი უხელმძღვანელებს სამოქალაქო ოპერაციებს. სტრატეგიულ დონეზე ის განახორციელებს სომხეთში EUPM-ის მართვასა და კონტროლს.

ადგილზე მისიის ხელმძღვანელის ვინაობა ახლო მომავალში გაირკვევა.

2025 წლის 2 დეკემბერს, ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის საბჭომ შექმნა ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის ახალი სტრატეგიული დღის წესრიგი, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - უსაფრთხოებასა და თავდაცვაშიც.

EUPM სომხეთის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე შეიქმნა.

17 მარტს, ბრიუსელში FIMI-სთან ბრძოლის შესახებ გამართულ კონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა:

„რაც უფრო უახლოვდება ქვეყანა ევროკავშირს, უფრო დიდი ალბათობაა, რომ ის უცხოური ჩარევის სამიზნედ იქცეს.

ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში და ვერ შევძელით მასთან გამკლავება. ვხედავთ ამას უკრაინაში, უკვე ათ წელიწადზე მეტია და ვუპირისპირდებით მას. ვნახეთ ეს მოლდოვაში გასულ წელს და მოლდოვის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ჩვენ ის დავამარცხეთ. ნათელი რომ იყოს რა მასშტაბის საფრთხის წინაშე იყო მოლდოვა, გეტყვით, რომ რუსეთის ფინანსური მხარდაჭერა პრორუსული ხმების მისაღებად ორასიდან სამას მილიონ ევრომდე იყო, რაც მოლდოვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2-3%-ია. თუმცა, რუსეთის ჩარევამ არ იმუშავა, რადგან ჩვენ მას ერთობლივად ვუპასუხეთ.

…მოლდოვაში წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუსეთი იმავ ტაქტიკით შეუდგა მოქმედებას სომხეთში დაგეგმილი არჩევნების წინ".

2026 წლის 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG