Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინასა და რუსეთში მსხვერპლია დრონებით დარტყმების შედეგად

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, 22 აპრილს უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად 4-სართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა ქალაქ სიზრანში.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, 22 აპრილს უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად 4-სართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა ქალაქ სიზრანში.

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინული დრონებით დარტყმის შესახებ განაცხადა რუსეთმაც.

უკრაინის ხელისუფლების მიერ 22 აპრილს დილით გავრცელებული ცნობებით, ზაპოროჟიეში შეტევა იყო რკინიგზის სადგურის პარკზე, სადაც მემანქანის თანაშემწე დაიღუპა. ქალაქ ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს რაიონში დაჭრილია 8 ადამიანი. ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა სუმის ოლქში, სადაც დაზიანებულია სახლები. ოდესის რაიონში ხანძრები გაჩნდა პორტის საწყობებსა და ერთ-ერთ სატვირთო გემზე.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 22 აპრილს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 215 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 189 რუსული დრონის მოგერიება და 24-თ პირდაპირი დარტმა 13 ადგილზე.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ 22 აპრილს სოციალური ქსელებით გაავრცელა საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსული დრონებით შეტევის შედეგების ამსახველი ფოტოები
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ 22 აპრილს სოციალური ქსელებით გაავრცელა საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსული დრონებით შეტევის შედეგების ამსახველი ფოტოები

რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 22 აპრილს უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად 4-სართულიანი სახლის ორი ბინა ჩამოინგრა სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათის მონაცემებით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ორ ადამიანს ეძებენ. სახლის მობინადრეები ევაკუირებული არიან.

განახლება: 22 აპრილს, დილის 11 საათისთვის რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა" საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და სიზრანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით დაწერა, რომ მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ამოიტანეს ქალის და ბავშვის ცხედრები.

დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას „უცხოეთის აგენტად" ჰყავს გამოცხადებული, წერს, რომ სიზრანში ნაწილობრივ დანგრეული სახლი მდებარეობს დაახლოებით ორ კილომეტრში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან, რომელიც სავარაუდოდ, იყო უკრაინული დრონების სამიზნე და შესაძლოა, კურსს ასცდნენ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად.

რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, დრონით შეტევის შედეგად ქალაქ კურსკის ცენტრალურ ნაწილში დაზიანებულია სახლი, საიდანაც 36 მობინადრეა ევაკუირებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 აპრილს დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში კურსკის, სამარის და რუსეთის კიდევ ცხრა რეგიონში, ყირიმში და შავი ზღვის აკვატორიის თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 155 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რიცხვს.








ფორუმი

XS
SM
MD
LG