„ღია მმართველობის პარტნიორობა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას უნდა შეეძლოთ ერთად მუშაობა ისეთ გარემოში, რომელიც იცავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ყოვლისმომცველი და სამართლიანი განხილვის პროცესის შემდეგ, დასკვნა იყო, რომ ეს პირობები ამჟამად საქართველოში არ არის დაკმაყოფილებული“, - განაცხადა აიდან ეიაკუზემ, "ღია მმართველობის პარტნიორობის" აღმასრულებელმა დირექტორმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ წევრობის შეწყვეტის შესახებ ინფორმირებული არიან.
„OGP-ის ეს გადაწყვეტილება არის დადასტურება, რომ საქართველო დაშორდა იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებაზეც თავად იღებდა ვალდებულებას. ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო ნდობა და დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობები“, - აცხადებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „მწვანე ალტერნატივა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“).
OGP აცხადებს, რომ „პარტნიორობიდან გარიცხულ ქვეყანას შეუძლია მომავალში კვლავ შეუერთდეს მას, იმ პირობით, რომ დააკმაყოფილებს OGP-ს შესაბამისობის კრიტერიუმებს, მათ შორის ღია მმართველობის დეკლარაციისადმი ერთგულების დემონსტრირებას და საჭირო ღირებულებების შემოწმებას“.
წევრობის შეჩერება
საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობის შეჩერების შესახებ ცნობა 2024 წლის 16 ოქტომბერს მიიღო. მაშინ მიზეზად დასახელებული იყო „აგენტების კანონი“, რომელიც დღემდე მოქმედია და შეეხება გრანტებით დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს კანონი დისკრიმინაციულია.
OGP-ს შესახებ
OGP აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების მიერ 2011 წელს დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას. მონაწილე ქვეყნების მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. საქართველო ინიციატივას 2011 წელს შეუერთდა.
საქართველომ 2018 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ს მე-5 გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო კიდევ ერთხელ აირჩიეს OGP-ს მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით (2022 წლამდე).
ფორუმი