Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი მორიგი დარტყმებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე მასირებული შეტევა მიიტანეს 16 აპრილსაც
რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე მასირებული შეტევა მიიტანეს 16 აპრილსაც

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ დნიპროში რუსეთის ჯარების მორიგი შეტევის შედეგად.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ 23 აპრილს, დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნდა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ტელეგრამ-არხზე. განჟას ინფორმაციით, დარტყმა იყო მრავალსართულიან სახლზე, რომლის ნაწილი ხანძარმა მოიცვა.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თავდაპირველად არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის იარაღით იყო დნიპროზე დარტყმა. მოგვიანებით განჟას ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ღამის განმავლობაში დნეპროპეტროვსკის ოლქში განადგურებულია რუსეთის 40 უპილოტო საფრენი აპარატი.

განახლება: დილის ცხრა საათისთვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დნიპროში დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

დღის 12 საათისთვის მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს ერთი ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

  • ბოლო ხანს რუსეთის ჯარებმა დნიპროს რამდენჯერმე შეუტიეს დრონებით და რაკეტებით. 14 და 16 აპრილს, საერთო ჯამში, 10 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა.

23 აპრილს უკრაინაზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად ჟიტომირის ოლქის ქალაქ კოროსტენის რკინიგზის სადგურში ქალი დაიღუპა. ის, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იმყოფებოდა ლოკომოტივთან, რომელსაც რუსული დრონი მოხვდა.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე დარტყმის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, პოლტავის, სუმის, ხერსონის და ხარკოვის ოლქების ნაწილი. ნიკოლაევის ოლქში დაჭრილია ერთ-ერთი ენერგოობიექტის თანამშრომელი.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 23 აპრილს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 155 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 139 რუსული დრონის მოგერიება და 11-თ პირდაპირი დარტყმა 9 ადგილზე.

23 აპრილს გამთენიისას რუსეთის სამარის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონზე უკრაინული დრონებით შეტევაა.

ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ ფედორიშჩევის ტელეგრამ-არხზე დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული ცნობით, ქალაქ ნოვოკუიბიშევსკის საწარმოზე შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გუბერნატორს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად" გამოცხადებული გამოცემა ASTRA თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ დრონებით შეტევა იყო „ნოვოკუიბიშევსკის ნავთობქიმიურ კომბინატზე", რომლის მფლობელი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული კომპანია „როსნეფტია".

სამარის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, 23 აპრილს დრონებით შეტევის შედეგად მრავალბინიანი სახლი დაზიანდა ქალაქ სამარაშიც, ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დარტყმის მომენტის ამსახველი ვიდეო გაავრცელა არაერთმა რუსულმა წყარომ, მათ შორის ASTRA-მ.

23 აპრილს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოს რაიონშიც. ASTRA თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ ამ რაიონში შეტევა იყო ნავთობის გადამქაჩ სადგურზე „გორკი“, სადაც ხანძარი გაჩნდა.

დრონებით შეტევის შედეგად კსტოვოს რაიონის სამრეწველო ზონაში მდებარე ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი დაადასტურა ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა. მას კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 23 აპრილს დილით განაცხადა, რომ გასული ღამიდან დილის შვიდ საათამდე ნიჟნი-ნოვგოროდის, სამარის და რუსეთის კიდევ შვიდ ოლქში, ყირიმში და შავი და აზოვის ზღვების თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 154 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რიცხვს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG