ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ უსაფრთხოების სამ მნიშვნელოვან შეთანხმებას დრონების შესახებ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან - საუდის არაბეთთან, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ეს შეთანხმებები განხორციელდება უკრაინის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორებთან რამდენიმე სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით“, - დაწერა ზელენსკიმ თავის Telegram-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეგიონის სახელმწიფოებში თავისი ტურნეს შემდეგ, ამ მონარქიებთან მნიშვნელოვანი შეთანხმებების დადების შესახებ მარტში გამოაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას შეუძლია გააძლიეროს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები საკუთარი საბრძოლო გამოცდილების, სასწავლო მისიებისა და სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობის ერთიან სისტემაში ინტეგრირების პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
„ჩვენ გვსურს დავეხმაროთ მათ თავის დაცვაში. და ჩვენ გავაგრძელებთ ასეთი პარტნიორობის დამყარებას სხვა ქვეყნებთან“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
23 აპრილს თავის შეტყობინებაში ზელენსკი ასევე წერს, რომ ყველა ეს შესაძლებლობა „ასევე უნდა იქნას გაზიარებული შეერთებულ შტატებთან“. „ვიამაყებ, თუ ეს გამოგვივა, რადგან ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ შეერთებული შტატებისა მხარდაჭერისთვის“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა ამ კვირაში, რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც იცნობენ ვითარებას, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედროებმა ბოლო კვირების განმავლობაში დანერგეს დრონების საწინააღმდეგო უკრაინული ტექნოლოგიები აშშ-ის მთავარ - „პრინც სულთანის“ - საჰაერო ბაზაზე საუდის არაბეთში, რომელიც ირანის თავდასხმების სამიზნე გახდა. გამოცემაში, სხვა ცნობებთან ერთად, საუბარი იყო იმაზე, რომ უკრაინელი სამხედრო წარმომადგენლები ბაზაზე ჩავიდნენ ამერიკული ძალების გასაწვრთნელად Sky Map-ის სისტემაში, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ფართოდ იყენებს დრონების საფრთხის აღმოსაჩენად.
მარტის პირველ ნახევარში, ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ახლო აღმოსავლეთში გაგზავნა ექსპერტების სამი ჯგუფი, რომლებიც ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებიან რეგიონის ამ ქვეყნებს. ზელენსკის თქმით, ეს „უკრაინის პარტნიორების, მათ შორის შეერთებული შტატების თხოვნით“ გაკეთდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა უარი თქვეს კიევთან დრონების საკითხებზე თანამშრომლობაზე.
ზელენსკიმ მოგვიანებით განმარტა, რომ ახლო აღმოსავლეთში 228 უკრაინელი ექსპერტი იმყოფება. ისინი მუშაობენ კატარში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითსა და იორდანიაში, - წერს „ნოვოე ვრემია“.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უკრაინელი სპეციალისტების გაგზავნასთან დაკავშირებით, ირანის ხელისუფლებამ უკრაინა დაადანაშაულა „აშშ-სა და ისრაელის აგრესიის მხარდაჭერაში ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ“. ამასთანავე, გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა ამირ საიდ ირავანიმ თქვა, რომ რუსეთისა და ირანის თანამშრომლობა უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში არ ემუქრება საერთაშორისო უსაფრთხოებას.
ირანი რუსეთს აწვდიდა „შაჰედის“ ტიპის დრონებს, რომლებიც უკრაინაში თავდასხმების დროს გამოიყენებოდა. შემდგომში რუსეთმა თავად დაიწყო მსგავსი დრონების წარმოება.
ფორუმი