„მე ვუბრძანე აშშ-ის საზღვაო ძალებს, ცეცხლი გაუხსნან და გაანადგურონ ნებისმიერი გემი (...), რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაღმებს დაამონტაჟებს“, - დაწერა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა Truth Social-ზე და დასძინა, რომ მისი ბრძანება ვრცელდება მცირე ზომის გემებზეც.
ტრამპმა ასევე დაწერა, რომ გააძლიერა სრუტეში ნაღმების გაწმენდის სამუშაოები. „ჩვენ ახლა სრუტეს ვასუფთავებთ. და მე ბრძანება გავეცი, რომ ეს ძალისხმევა გაგრძელდეს სამმაგი ტემპით“, - დაწერა ტრამპმა.
Reuters-ის თანახმად, ტრამპმა, ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტეზე „სრული კონტროლი“ აქვს და რომ ის „მკაცრად ჩაკეტილი“ იქნებოდა მანამ, სანამ ირანთან შეთანხმებას არ მიაღწევდა.
21 აპრილს, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, ტრამპმა პაკისტანის ხელისუფლების მოთხოვნით გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელების შესახებ. ტრამპმა არ დააკონკრეტა ცეცხლის შეწყვეტის ახალი ვადა და აღნიშნა, რომ აშშ დაელოდებოდა ირანის ხელისუფლების მიერ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას აშშ-სთან მოლაპარაკებებში, რომლებიც ისლამაბადის შუამავლობით ეწყობა. ტრამპი მიიჩნევს, რომ ამჟამად ირანის ხელმძღვანელობაში განხეთქილებაა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ირანის პორტების ბლოკადას.
ამ კვირის დასაწყისში, ისლამაბადში აშშ-სა და ირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იყო მოსალოდნელი, თუმცა შეხვედრა საბოლოოდ არ შედგა. სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლო ახალი თარიღის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.
მთავარი თემები მოლაპარაკებებისა, რომელთა პირველი რაუნდი 11 აპრილს ისლამაბადში გაიმართა და უშედეგოდ დასრულდა, მოიცავდა ირანის ბირთვულ პროგრამას, რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერასა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს.
ფორუმი