ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი მძიმედ დაიჭრა აშშ-ის და ისრაელის საჰაერო დარტყმისას, რომლის შედეგადაც მისი მამა და წინამორბედი, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა, თუმცა გონების სიცხადე შენარჩუნებული აქვს - იტყობინება New York Times-ი 23 აპრილს.
რამდენიმე ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობაც არ გაუმხელია, New York Times-მა განაცხადა, რომ მოჯთაბა ხამენეიმ „ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე“ გადაწყვეტილების მიღება რევოლუციური გვარდიის იდეოლოგიური არმიის - "გუშაგთა კორპუსის" გენერლებს ჩააბარა.
უზენაესი ლიდერის პოსტზე მამამისის შეცვლის შემდეგ, ის საჯაროდ არ გამოჩენილა და მხოლოდ წერილობით განცხადებებს ავრცელებდა, რასაც მოჰყვა ეჭვები მისი მდგომარეობის და იმის შესახებ, ცოცხალია თუ არა.
ცნობაში, რომელიც ოფიციალური პირების ნათქვამს ეყრდნობა, გამოცემა წერს, რომ „ერთ ფეხზე სამჯერ ჩაუტარდა ოპერაცია და პროთეზს ელოდება. მას ერთ ხელზე ოპერაცია ჩაუტარდა და ნელ-ნელა უბრუნდება ფუნქცია. სახე და ტუჩები მძიმედ აქვს დამწვარი, რაც მეტყველებას ურთულებს“, და რომ „საბოლოოდ, მას პლასტიკური ოპერაცია დასჭირდება“.
უსაფრთხოების მიზნით, ხამენეის, რომლის ადგილმდებარეობა საიდუმლოა, ნახვა უკიდურესად შეზღუდულია და მხოლოდ ხელნაწერ შეტყობინებას იღებს, - წერია ცნობაში. "გუშაგთა კორპუსის" მეთაურები მას არ სტუმრობენ, თუმცა მის მკურნალობაში ჩართულია პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, რომელიც პროფესიით კარდიოქირურგია.
ფორუმი