Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ტერიტორიაზე ისრაელის ჯარისკაცებმა 15 წლის ბიჭი მოკლეს

ისრაელი ჯარისკაცები იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. (არქივი)
ისრაელი ჯარისკაცები იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. (არქივი)

პალესტინის ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის ჯარისკაცებმა 15 წლის ბიჭი მოკლეს ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ნაბლუსში.

მოკლე განცხადებაში სამინისტრომ განაცხადა, რომ „15 წლის იუსეფ სამეჰ შტაიე (ისრაელელი) ოკუპანტების სროლის შედეგად დაიღუპა ნაბლუსში, დასავლეთ ნაპირის ჩრდილოეთში”.

ინციდენტთან დაკავშირებით ისრაელის სამხედროებმა AFP-ს განუცხადეს, რომ ისინი მომხდარს იძიებენ.

მუნიციპალიტეტის კომუნიკაციების დირექტორმა, აბუდ ალ-აკერმა, AFP-ს აცნობა, რომ დილით ნაბლუსში ისრაელის არმიის ექვსი მანქანა ჩავიდა.

მისი თქმით, ჯარისკაცები რაფიდიას რაიონის კომერციულ ზონაში მაღაზიის მეპატრონეებს ესაუბრნენ და ქალაქიდან რომ გადიოდნენ, მოზარდს ესროლეს და მოკლეს.

„ჩვენ არ ვიცით, რატომ ესროლეს ამ ბავშვს, როცა გადიოდნენ“, - თქვა მან.

ისრაელს იორდანეს დასავლეთ ნაპირი 1967 წლიდან აქვს ოკუპირებული.

პალესტინელთა ტერიტორიაზე ძალადობამ 2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყების შემდეგ იმატა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით AFP-ის დათვლის თანახმად, მას შემდეგ ისრაელის ჯარებმა ან ებრაელმა ახალმოსახლეებმა დასავლეთ ნაპირზე სულ ცოტა, 1066 პალესტინელი მოკლეს - მათ შორის ბევრი მებრძოლი იყო, თუმცა იყო ასევე ასევე ათობით მშვიდობიანი მოქალაქეც.

ისრაელის ოფიციალური მონაცემებით, იმავე პერიოდში პალესტინელების თავდასხმების ან ისრაელის სამხედრო ოპერაციების დროს, სულ ცოტა, 46 ისრაელელი დაიღუპა, მათ შორის ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები.


ფორუმი

XS
SM
MD
LG