ნიმიცის კლასის ავიამზიდი Bush-ი „ინდოეთის ოკეანეში, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში, 23 აპრილს შეცურდა“, - განაცხადა ახლო აღმოსავლეთზე პასუხისმგებელმა სამხედრო სარდლობამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელშიც ასევე
გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ავიამზიდის გემბანი საბრძოლო თვითმფრინავებითაა სავსე.
მეორე ავიამზიდი - Gerald R. Ford-ი – 23 აპრილს წითელ ზღვაში მოქმედებდა, ხოლო მესამე - Abraham Lincoln-ი - ასევე რეგიონში იმყოფება, ნათქვამია CENTCOM-ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში.
მესამე ავიამზიდის ახლო აღმოსავლეთში განთავსება მოხდა ორკვირიანი ზავის დროს, რომელმაც შეაჩერა ირანის წინააღმდეგ თებერვლის ბოლოს დაწყებული აშშ-სა და ისრაელის ომი.
Ford-ი რამდენიმე კვირის წინ ხორვატიაში შესაკეთებლად გაემგზავრა, მას შემდეგ, რაც 12 მარტს გემზე, სამრეცხაოში, ხანძარი გაჩნდა, თუმცა მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი მას შემდეგ კვლავ მწყობრში ჩადგა.
Ford-ი ზღვაში დაახლოებით 10 თვეზე მეტია იმყოფება — ამ ხნის განმავლობაში ის უკვე მონაწილეობდა აშშ-ის კარიბის ზღვის ოპერაციებში, სადაც ვაშინგტონის ძალებმა დარტყმები განახორციელეს გემებზე, რომლებსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდა, გადაიტაცეს სანქცირებული ტანკერები და დააკავეს ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო.
ავიამზიდები დამხმარე სამხედრო გემების მნიშვნელოვანი ჯგუფების თანხლებით გადაადგილდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 აპრილს განაცხადა, რომ უბრძანა აშშ-ის საზღვაო ძალებს, ცეცხლი გაუხსნან ნებისმიერ გემს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაღმების ჩადგმას შეეცდება.
ფორუმი