Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ევროკავშირის 90-მილიარდიან კრედიტს არმიის გასაძლიერებლადაც გამოიყენებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს კვიპროსის ქალაქ აია-ნაპაში. 2026 წლის 23 აპრილი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს კვიპროსის ქალაქ აია-ნაპაში. 2026 წლის 23 აპრილი

უკრაინას იმედი აქვს, რომ ევროკავშირის 90-მილიარდიანი კრედიტის პირველ ტრანშს მაის-ივნისში მიიღებს.

ეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერებმა საბოლოოდ დაამტკიცეს უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტიც. გადაწყვეტილება 23 აპრილს მიიღეს შეხვედრაზე კვიპროსის ქალაქ აია-ნაპაში, სადაც ზელენსკიც ჩავიდა.

  • ევროკავშირის კრედიტი უნგრეთს თებერვლიდან ჰქონდა დაბლოკილი, სანქციების მე-20 პაკეტი კი - უნგრეთს და სლოვაკეთს, რომლებიც თანხმობის სანაცვლოდ უკრაინისგან მოითხოვდნენ მილსადენ „დრუჟბის“ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას და რუსული ნავთობის ტრანზიტის განახლებას.
  • პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინამ დაასრულა რუსეთის დარტყმით იანვარში დაზიანებული „დრუჟბის“ სარემონტო სამუშაოები.
  • 23 აპრილს განახლდა უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება.

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინა ევროკავშირის 90-მილიარდიან კრედიტს გამოიყენებს არმიის გასაძლიერებლად და უკრაინის მოქალაქეებისადმი არსებული სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, თანხას მიმართავენ იარაღის წარმოებისა და პარტნიორებისგან იარაღის შესაძენად და მომავალი ზამთრისთვის უკრაინის ენერგოსისტემის მოსამზადებლად.

რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტი

უკრაინაში ომის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მეოცე პაკეტი ევროკავშირს ომის დაწყების მეოთხე წლისთავის წინ, 2026 წლის 23 თებერვალს უნდა მიეღო, თუმცა უნგრეთის და სლოვაკეთის ვეტოს გამო ვერ შეძლო.

„დრუჟბით“ ნავთობის ტრანზიტის განახლების შემდეგ, უნგრეთის და სლოვაკეთის თანხმობის შედეგად 23 აპრილს მიღებული სანქციების მეოცე პაკეტი მოიცავს ენერგეტიკის, სამხედრო-სამრეწველო, სავაჭრო და ფინანსურ სფეროებს, მათ შორის კრიპტოვალუტას.

სანქციები ამოქმედდა რუსეთის ნავთობკომპანიების, „ბაშნეფტის“ და „სლავნეფტის“, ტუაფსეს, აჩინსკის და კომსომოლსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების და „გაზპრომის“ და „ლუკოილის“ რამდენიმე შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ.

აიკრძალა ოპერაციები 20 რუსულ ბანკთან და ყირგიზეთის, აზერბაიჯანის და ლაოსის ოთხ ბანკთან, რომლებიც აფერხებენ რუსეთის წინააღმდეგ უკვე მოქმედი სანქციების დაცვას.

სანქცირებულთა სია შეივსო 60-მდე კომპანიით და მათთან დაკავშირებული ფიზიკური პირებით, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ეხმარებიან, მათ შორის დრონების შემუშავებასა და წარმოებაში.

ევროკავშირმა განსაზღვრა 16 ორგანიზაცია ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ბელარუსიდან, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აწვდიდნენ სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების საქონელს.

რუსეთის სამხედრო სექტორის ტექნოლოგიური სრულყოფის ხელშეწყობისთვის მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა 60 საწარმოს წინააღმდეგ. მათ შორის რუსული საწარმოების გარდა არიან ჩინეთის, თურქეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების საწარმოები.

ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტით სრულად აიკრძალა საზღვაო მომსახურების გაწევა რუსული ნავთობის ექსპორტისთვის. რუსეთს შეუზღუდეს ტანკერების შეძენის შესაძლებლობაც. რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ უკვე სანქცირებულ ტანკერებს დაემატა კიდევ 46 გემი და მათი საერთო რიცხვი 632-მდე გაიზარდა.

ევროკავშირის კომპანიებს აეკრძალათ რუსეთის მურმანსკის და ტუაფსეს საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენება. ეს აკრძალვა ვრცელდება ინდონეზიის კარიმუნის საპორტო ნავთობტერმინალზეც, რომელსაც კავშირი აქვს რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან".

გაფართოვდა ჩამონათვალი საქონლის და ტექნოლოგიებისა, რომლებიც რუსეთმა შესაძლოა, სამხედრო მიზნებით გამოიყენოს და ახალი აკრძალვა ამოქმედდა რუსეთიდან მეტალების, ქიმიკატების და მინერალების იმპორტზეც.

რეპერი და „ერმიტაჟის“ დირექტორი

ევროკავშირმა გააფართოვა სანქცირებული ფიზიკური პირების სიაც. მათ შორისაა რეპერი ტიმატი(ტიმურ იუნუსოვი), რომელიც ევროკავშირის თანახმად, მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს და კრემლის პროპაგანდას ავრცელებს.

სანქცირებულია რუსეთის სახელმწიფო მუზეუმ „ერმიტაჟის“ დირექტორი მიხაილ პიოტროვსკიც. მას ევროკავშირი მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომს და ხელს უწყობს ანექსირებულ ყირიმში უკანონო არქეოლოგიურ გათხრებს.

პერსონალური სანქციები ამოქმედდა რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურ ალექსეი რტიშჩევის წინააღმდეგაც.





ფორუმი

XS
SM
MD
LG