Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სომეხთა სათვისტომოს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის ნება არ მისცეს

საქართველოს სომეხთა სათვისტომოს მიერ ორგანიზებული მსვლელობა ჩირაღდნებით თბილისში, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად. 23 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს სომეხთა სათვისტომოს მიერ ორგანიზებული მსვლელობა ჩირაღდნებით თბილისში, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად. 23 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს სომეხთა სათვისტომო განცხადებას ავრცელებს, რომლიდანაც ცნობილი ხდება, რომ 24 აპრილს თბილისში, თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მათ სურდათ მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვა, რომელზეც პატივს მიაგებდნენ სომეხთა "გენოციდის" მსხვერპლთა ხსოვნას, მაგრამ ამის ნებართვა ვერ მიიღეს.

როგორც სათვისტომოს გამგეობის წევრი ჟანეტა ბაღდასარიანი ამბობს, აქციის გამართვის სურვილის შესახებ ვადების დაცვით წერილობით მიმართეს მუნიციპალიტეტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა მათგან მოთხოვნილ ტერიტორიაზე აქციის გამართვის თაობაზე უარი მიიღეს.

სომხეთი და მსოფლიოს არაერთი ქვეყანა გენოციდს უწოდებს 1915-1925 წლებში განვითარებულ მოვლენებს, რომლებსაც ასობით ათასი სომეხი, ბერძენი, ასურელი, ქურთი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
ეთნიკურმა სომხებმა თანამედროვე თურქეთის აღმოსავლეთი ნაწილი დატოვეს პირველი მსოფლიო ომის პერიოდში - ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ.
სომეხთა გენოციდი 2021 წელს აღიარა აშშ-ის სენატმაც. თურქეთი აღიარებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები მრავალი სომეხი დაიღუპა, მაგრამ აცხადებს, რომ მათი რიცხვი საკამათოა და უარყოფს, რომ ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
ერევანი ოფიციალურად კვლავაც მიიჩნევს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხებისა და სხვა ქრისტიანი ქვეშევრდომების მასობრივ მკვლელობას გენოციდად, რასაც ისტორიკოსების დიდი ნაწილიც იზიარებს. გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის (IAGS) მონაცემებით, მაშინ 1 მილიონზე მეტი ადამიანი მოკლეს. თუმცა ანკარა აცხადებს, რომ ეს იყო არა გენოციდი, არამედ ხოცვა-ჟლეტა, რომელშიც დაიღუპნენ როგორც სომხები, ასევე თურქები.
საქართველოს მომხდარი მოვლენები გენოციდად აღიარებული არ აქვს.

რა პასუხი მიიღო სათვისტომომ

როგორც სათვისტომოს გამგეობის წევრი და ორგანიზაციის მდივანი ჟანეტა ბაღდასარიანი ამბობს, წერილში ნათქვამი იყო, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას ბალანსი შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ ან ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას იმ ადგილებში, სადაც იმართება შეკრება ან მანიფესტაცია. ამ პირებს არ უნდა შეეზღუდოთ თავიანთი საქმიანობის გაგრძელებაში ხელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ვალდებულია დაიცვას ბალანსი შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სამართალდამცავ წესრიგს, ტრანსპორტსა და მოქალაქეთა შეუფერხებელ გადაადგილებას, ასევე ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს შორის.

ამ მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის დროისა და/ან ადგილის ან მარშრუტის შეცვლის მიზანშეწონილობა.

შესაბამისად, მითითებული ადგილის და სპეციფიკის გათვალისწინებით, შეკრების ჩატარებამ შეიძლება გამოიწვიოს ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შესაძლებლობა, ამიტომ გთხოვთ, განიხილოთ ღონისძიების ადგილის შეცვლის მიზანშეწონილობა.

ჟანეტა ბაღდასარიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არ განიხილავენ და არ ჩაატარებენ აქციას სხვა ადგილას. მათთვის პრინციპული იყო დემონსტრაციის ჩატარება თურქეთის საელჩოსთან, როგორც ამას ბოლო ოცი წლის განმავლობაში აკეთებდნენ.

„სომეხთა სათვისტომო სხვა ლოკაციაზე ჩატარებაზე უარს აცხადებს, არ განვიხილავთ აქციის ჩატარებას სხვა მისამართზე, გარდა თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიისა. ამიტომ ჩვენ არაფრის გამართვას არ ვგეგმავთ“, - ეუბნება ჟანეტა ბაღდასარიანი რადიო თავისუფლებას.

სომეხთა სათვისტომო აცხადებს, რომ „ეს პრაქტიკა არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებს და ძირს უთხრის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას. წლების განმავლობაში საქართველო წარმოადგენდა თავს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებზე.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფს, მათ შორის ეროვნულ უმცირესობებს, უნდა შეეძლოთ თავისუფლად და მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი სამოქალაქო შეხედულებები ამ პირობებში“.

სათვისტომო აღნიშნავს, რომ მათი მიზანი იყო მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვა, „რომელიც მიზნად ისახავს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგებას და სომხების გენოციდის აღიარებისკენ მოწოდებას“.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სომეხთა სათვისტომოს 6 აპრილის მიმართვა დააკმაყოფილა და მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ავლაბრის „სურბ ეჩმიაძინის“ ეკლესიის ეზომდე ჩირაღდნებით მსვლელობის ნება დართო.

მსვლელობა 23 აპრილს გაიმართა კიდეც.

იმას, რომ 24 აპრილს მოთხოვნილ ადგილას სათვისტომოს აქციის გამართვის ნებართვა არ მისცეს, ცხადყოფს ისიც, რომ შსს-ს საიტზე ალტერნატიული ადგილის შეთავაზების შესახებ ცნობა გამოქვეყნებული არ არის.

2025 წლის 10 დეკემბერს, სადავო პარლამენტმა დაჩქარებული სახით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.

  • ახალი კანონით, თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, - წერია ახალ კანონში.

​თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ამ წესს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.

სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონი, რომელიც „ხალხის სავალ ნაწილზე“ აქციის გამართვაზე რეგულაციას აწესებს, შსს-მ ისე არ უნდა აღასრულოს, რომ დემონსტრაციის გასამართად ნებართვის აღებას დაემსგავსოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG