Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში „ლოკალიზებულად“ გამოაცხადეს ხანძარი ტუაფსეს პორტში და ზღვაში ნავთობის ჩაღვრა აღიარეს

17 აპრილს გადაღებულ სატელიტურ ფოტოზე ჩანს ტუაფსეში, შავ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის ლაქები
17 აპრილს გადაღებულ სატელიტურ ფოტოზე ჩანს ტუაფსეში, შავ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის ლაქები

რუსეთის კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამ საჯაროდ მხოლოდ 24 აპრილს აღიარა, რომ ქალაქ ტუაფსეში შავი ზღვის აკვატორია ნავთობპროდუქტებითაა დაბინძურებული.

  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა ტუაფსეში საზღვაო ნავთობტერმინალს დრონებით დაარტყეს 16 და 20 აპრილს.
  • 16 აპრილს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე დღე დასჭირდა. 20 აპრილს განმეორებითი შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძრის „ლოკალიზების” შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 24 აპრილს განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 16 აპრილს განხორციელებული შეტევის შემდეგ გადაღებულ სატელიტურ ფოტოებზე აშკარად ჩანდა ნავთობპროდუქტებით ზღვის დაბინძურება, 19 აპრილს, როცა ხანძარი ლიკვიდირებულად გამოცხადდა, კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომლის თანახმად:

  • სპეციალისტების მიერ ლოკალიზებულია ნავთობპროდუქტების ჩაღვრა მდინარე ტუაფსეში.
  • 750 მეტრზე დადგეს შემაკავებელი კონსტრუქციები და ნავთობპროდუქტების შემკრებები.
  • ზღვაში ამ პროდუქტების ჩასვლა „არ დაუშვეს".

დრონებით განმეორებითი შეტევიდან მესამე დღეს, 23 აპრილს ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ 21, 22 და 23 აპრილს ტუაფსეს პორტის მახლობლად ზღვის აკვატორიაში ნავთობის ლაქები და დაბინძურება არ ყოფილა.

დამოუკიდებელ რუსულ გამოცემა „აგენტსტვოს” ადგილობრივმა ეკოლოგმა ანონიმურობის დაცვის პირობით 23 აპრილს განუცხადა, რომ ოპერატიული შტაბი ტყუის, რადგან ძლიერმა ქარმა ნავთობის ლაქები უშუალოდ ნაპირამდე მიიტანა.

ნავთობპროდუქტებით სანაპიროს დაბინძურების შესახებ სოციალურ ქსელებში წერდნენ ადგილობრივი მცხოვრებნი.

ხელისუფლებამ ნავთობპროდუქტებით ზღვის და სანაპიროს დაბინძურება მხოლოდ 24 აპრილს აღიარა. კერძოდ, კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე დღის 12 საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ ტუაფსეში გრძელდება ძლიერი წვიმა, რის გამოც ადიდდა მანამდე ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული მდინარე, წყალმა გადალახა ადრე დადგმული წინაღობები და ნავთობპროდუქტები ნაწილობრივ მოხვდა ზღვის აკვატორიაში და სანაპირო ზოლზე, სადაც უკვე დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები.

რამდენიმე საათით ადრე ოპერატიულმა შტაბმა გამოაცხადა, რომ ტუაფსეს საზღვაო ტერმინალში 20 აპრილს გაჩენილი ხანძარი „ლოკალიზებულია“ და „ლიკვიდირებულია ღია წვა“.





ფორუმი

XS
SM
MD
LG