თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ოთარ ჩრდილელის შვილს, ანუკი ჩრდილელს, 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს 7 მარტს გამოხატული პროტესტის საქმეზე. გადაწყვეტილება დღეს, 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა.
იმ შაბათს, 7 მარტს, თბილისში კიდევ ერთი მსვლელობა გაიმართა ფილარმონიიდან პარლამენტამდე - შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის შესახებ წერილიც მიიღო. იმის მიუხედავად, რომ იმ დღეს დემონსტრანტებს გზა სრულად გადაკეტილი არ ჰქონდათ, შსს ამტკიცებდა, რომ ადამიანების ნაწილი საავტობუსო ზოლში დგომით აქციის ჩატარების წესს არღვევდა.
ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლიდან არაერთი კანონი მიიღო, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუარესეს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო გარემო.
შეზღუდვები შეეხო გამოხატვის თავისუფლებასაც. მათ შორის, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი. აქციის გამართვამდე აუცილებელი გახდა შსს-ს ინფორმირება, გზის გადაკეტვისთვის ან ტროტუარზე პროტესტისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდა. იმავე წესის დარღვევისთვის კი შსს-ს შეუძლია სისხლის სამართლის საქმე აღძრას.
გამკაცრებული კანონით ათობით ადამიანს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა.
ფორუმი