„ამ ვიზიტის ფარგლებში დავასრულეთ ხანგრძლივი და გრძელვადიანი მოლაპარაკებები China Eastern-ის ავიაკომპანიასთან. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - მარიამ ქვრივიშვილის თქმით, პირდაპირი ავიაფრენების დაწყება დემონსტრირებაა, „რამდენად მაღალ დონეზეა ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ისევე როგორც ეკონომიკური კავშირები“; აღნიშნავს, რომ ავიაფრენები პირველ რიგში ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.
„China Eastern Airlines“-ი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა.
ეკონომიკის სამინისტრო ჩინეთში ვიზიტს სხვა მხრივაც მნიშვნელოვანსა და შედეგიანს უწოდებს.
ჩინეთის კომერციის მინისტრთან ერთად, მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერა “თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას”, რაც, მისი თქმით - “კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს”. ეკონომიკის სამინისტრო ასევე ხაზს უსვამს ინვესტიციების მოზიდვის ახალ შესაძლებლობებს.
ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ვიდეოში მინისტრი არ ახსენებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. მანამდე, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეკონომიკის მინისტრის ჩინეთის ვიზიტის ფარგლებში "ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის ანაკლიის თემაზეც".
"ესეც არის, ბუნებრივია, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, მოლაპარაკებები გრძელდება" - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან, 23 აპრილს და დასძინა, რომ "უახლოეს მომავალში გექნებათ სიახლეები ანაკლიასთან დაკავშირებით".
2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს. თუმცა ამ დროის მონაცემებით, ხელშეკრულება ჯერ არ დადებულა.
- 2025 წლის აპრილში, აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“ [“ჰელსინკის კომისია”] მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თუ ანაკლიის პორტი ჩინეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება, ეს იქნება სტრატეგიულ აქტივის დათმობა იმ ქვეყნის მთავრობისთვის [ჩინეთი], რომელიც არ იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და არ აღიარებს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურას.
ფორუმი