უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი 26 აპრილს „ბირთვულ ტერორიზმში“ დაადანაშაულა.
ამ დღეს უკრაინა ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის 40 წლისთავს აღნიშნავს დრონებით თავდასხმების ფონზე.
სამი ადამიანი დაიღუპა უკრაინაში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ღამით ასზე მეტი დრონი გაუშვა, რაც ერთ-ერთიყველაზე ინტენსიური თავდასხმაა 2022 წელს ომის დაწყებიდან.
სოციალურ ქსელში ჩერნობილის კატასტროფის წლისთავისადმი მიძღვნილ გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკი წერს, რომ რუსეთს, უკრაინაში შეჭრით, „კვლავ ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფის ზღვარზე მიჰყავს მსოფლიო“.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ რუსული დრონები ხშირად მოძრაობენ ჩერნობილის თავზე და რომ ერთი მათგანი გასულ წელს მის დამცავ გარსს მოხვდა.
„მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ამ ბირთვული ტერორიზმის გაგრძელება. საუკეთესო გზაა რუსეთის იძულება, შეწყვიტოს თავისი უგუნური თავდასხმები“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქება ისტორიაში ყველაზე მძიმე სამოქალაქო ბირთვული კატასტროფა იყო და მან შეცვალა ბირთვული ენერგიის შესახებ წარმოდგენა მსოფლიოში.
რადიაციის ზემოქმედების შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, თუმცა ზუსტი მსხვერპლის შესახებ შეფასებები განსხვავებულია ერთმანეთისგან. . გაწმენდის ოპერაციაში მონაწილე დაახლოებით 600 ათასი ადამიანი - ცნობილი როგორც „ლიკვიდატორები“ - მაღალი დონის რადიაციის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.
2005 წლის გაეროს ანგარიშის თანახმად, დადასტურებული და პროგნოზირებული სიკვდილიანობის რიცხვი სამ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში 4000-ს შეადგენდა. „გრინპისმა“ 2006 წელს გაავრცელა ცნობა, რომ კატასტროფამ თითქმის 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულმა დარტყმებმა 26 აპრილს სამი ადამიანი იმსხვერპლა და სულ მცირე ოთხი დაჭრა.
სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ გრიგოროვის თქმით, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონში, სუმის ტერიტორიაზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად. მან ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ დაიღუპა 48 და 72 წლის ორი მამაკაცი.
ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ქალაქ დნეპროპეტროვსკში დრონებისა და არტილერიის თავდასხმების შედეგად, განაცხადა რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ განჟამ და დასძინა, რომ სახლები და მანქანები დაზიანდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ღამით 144 დრონი გაუშვა, რომელთაგან 124 ჩამოაგდეს.
ფორუმი