ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სრულად მოიხსნა შეზღუდვა პოპულარულ სერვისებსა და სოციალურ ქსელებზე, მათ შორის YouTube-ზე, Instagram-ზე, WhatsApp-ზე, Facebook-სა და Telegram-ზე. ამის შესახებ გასული კვირის ბოლოს განაცხადა Остелеком-მა.
"ოსტელეკომი“ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებული მობილური ოპერატორია, რომელიც რუსულ „მეგაფონს“ ეკუთვნის.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ზარინა ბეჟანოვას თქმით, აბონენტებს მანამდე ამ პლატფორმების გამოყენებისას შეფერხებები ჰქონდათ "მონაცემთა გადაცემისას ტექნიკური პრობლემების გამო“.
„როსკომნადზორის" მიერ რუსეთის ფედერაციაში დაწესებულმა შეზღუდვებმა ჩვენს აბონენტებზეც ავტომატურად იმოქმედა, ვინაიდან კომპანია ინტერნეტგრაფიკს რუსეთის პროვაიდერებისგან ყიდულობს. სამხრეთ ოსეთს ის უკვე გაფილტრული მიეწოდება. რადგან რესპუბლიკა სუვერენული სახელმწიფოა, ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ რესურსების დაბლოკვას. ჩატარებული ტექნიკური სამუშაოების მეშვეობით, ჩვენს აბონენტებს ახლა შეუძლიათ ისარგებლონ სერვისებით მაღალი სიჩქარით და VPN-ის გამოუყენებლად“, - განმარტა ბეჟანოვამ.
Остелеком-ის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელი გახდა კომპანიის ტექნიკური სპეციალისტებისა და რუსეთის ფედერაციიდან კოლეგების ერთობლივი მუშაობის წყალობით.
ბეჟანოვამ დააზუსტა, რომ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, აბონენტებს შესაძლოა VPN-ის გამოყენება დასჭირდეთ რუსეთში სტაბილური კავშირის უზრუნველსაყოფად WhatsApp-ის, Telegram-ის, Facebook-ისა და Instagram-ის საშუალებით აუდიო და ვიდეო ზარების განხორციელებისას, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში ზარებზე შეზღუდვები არ არსებობს.
ასე გაცილებით მარტივია
გამოცემა „საპასთან" საუბარში ცხინვალელი ახალგაზრდები ადასტურებენ, რომ ინტერნეტით სარგებლობა გაუმარტივდათ.
„ადრე VPN-ს ვიყენებდით, ახლა რამდენიმე სოციალურ ქსელში შესვლა უამისოდაც შეიძლება, რაც ბევრად უფრო მარტივია“.
„შესამჩნევ განსხვავებას ვერ ვხედავ".
„ზუსტად არ ვიცი, ეს VPN-ის ბრალი იყო თუ არა, მაგრამ ბოლო თვე-თვე-ნახევრის განმავლობაში ინტერნეტი ცუდად მუშაობდა: ხშირად ეკიდებოდა და ჩატვირთვას დიდი დრო სჭირდება“.
რუსეთში ინტერნეტთან დაკავშირებული შეზღუდვები მკვეთრად გაიზარდა 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რის შედეგადაც დაიბლოკა ასობით ათასი ვებსაიტი, ასევე პოპულარული სოციალური ქსელები და მესენჯერ-აპლიკაციები. შეზღუდვების გამკაცრებამ, ასევე მობილური ინტერნეტის გათიშვამ, რუსეთის რეგიონებში და მოსკოვშიც, კრიტიკა გამოიწვია, მათ შორის ომის მომხრე წრეებშიც, განსაკუთრებით Telegram-ის აპლიკაციის დაბლოკვის გამო.
ხელისუფლება შეზღუდვების აუცილებლობას უკავშირებს ბრძოლას თაღლითებთან, რომლებიც, როგორც ირწმუნებიან, შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ უკრაინის სპეცსამსახურებთან. მათივე მტკიცებით, ინტერნეტის გათიშვა აუცილებელია დრონების წინააღმდეგ სამოქმედოდ. ზოგ რესურსს კი რუსული კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ, მათ შორის დე ფაქტო დონეზე არსებული ცენზურის დარღვევაში.
ფორუმი