Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ადანაშაულებს მოლაპარაკებების ჩაშლაში. არაყჩი რუსეთში პუტინს შეხვდა

ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, შეხვდა. 27 აპრილი, 2026 წელი
ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, შეხვდა. 27 აპრილი, 2026 წელი

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ 27 აპრილს ვაშინგტონი დაადანაშაულა მოლაპარაკებების ჩაშლაში. ომში დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ჩიხშია შესული.

აბას არაყჩიმ ეს განცხადება გააკეთა სანქტ-პეტერბურგში, სადაც შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მას შემდეგ, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მთავარ შუამავალ პაკისტანში ვიზიტებს შორის ომანში ვიზიტი შეაჩერა.

არაყჩიმ ორშაბათს განაცხადა, რომ „აშშ-ის მიდგომებმა გამოიწვია ის, რომ მოლაპარაკებების წინა რაუნდმა, პროგრესის მიუხედავად, გადაჭარბებული მოთხოვნების გამო ვერ მიაღწია თავის მიზნებს.“

პუტინმა არაყჩისთან შეხვედრისას თქვა, რომ რუსეთი ირანთან სტრატეგიული ურთიერთობების გაგრძელებას აპირებს. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, მისი ქვეყანა იმედოვნებს, რომ ირანელი ხალხი გადაიტანს იმას, რასაც „რთული პერიოდი“ უწოდა და მშვიდობა დაისადგურებს. მან დასძინა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ირანის და რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია“.


არაყჩიმ მადლობა უთხრა პუტინს ირანის მხარდაჭერისთვის.


კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა არაყჩისა და პუტინის შეხვედრის შესახებ თქვა, რომ „ამ საუბრის მნიშვნელობა ძნელია გადაჭარბებული იყოს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია ირანის გარშემო და ახლო აღმოსავლეთში“.

თავისი წარმომადგენლების ვიზიტის გაუქმების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, რომ თუ ირანს მოლაპარაკებები სურს, „მათ შეუძლიათ ჩვენთან მოვიდნენ ან დაგვირეკონ“. მან თქვა, რომ ვიზიტის გაუქმება საომარი მოქმედებების განახლებას არ ნიშნავს.

ამერიკულმა მედიასაშუალება Axios-მა აშშ-ის ოფიციალურ პირსა და საკითხთან დაკავშირებულ ორ სხვა წყაროზე დაყრდნობით კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა გაგზავნა ომის დასრულების ახალი წინადადება, რომელიც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დასრულებისკენ იყო მიმართული, ბირთვული მოლაპარაკებები კი მომავლისთვის გადაიდო.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ უარყო ეს ინფორმაცია.


აშშ-ისრაელის ომში ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერჯერობით შენარჩუნებულია, მაგრამ ეკონომიკური ზეგავლენა ძლიერდება.

თებერვლის ბოლოს აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების საპასუხოდ, ირანმა ჰორმუზის სრუტე გადაკეტა, რასაც მოჰყვა ნავთობის, გაზისა და სასუქის ნაკადების შეწყვეტა და მათი ფასების მკვეთრად გაზრდა.
საპასუხოდ, აშშ-მ ირანის ნავსადგურების ბლოკადა დააწესა სრუტესა და მის ფარგლებს გარეთ.

საწვავის გაძვირება და ნოემბრის მოახლოებული შუალედური არჩევნები ტრამპს ქვეყნის შიგნით სერიოზული წნეხის ქვეშ აყენებს.

ირანის რევოლუციური გვარდიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ ბაზრის შერყევის გამომწვევი ბლოკადის მოხსნას და აცხადებენ, რომ ჰორმუზის კონტროლი „და მისი შემაკავებელი ეფექტების გავლენის შენარჩუნება ამერიკაზე... თეირანის საბოლოო სტრატეგიაა“.
ნავთობის ფასები ორშაბათს კვლავ გაიზარდა, თუმცა იმედი გაჩნდა, რომ საბოლოოდ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება და ეს ტენდენცია შემცირდება.

სრუტის თემა დღის წესრიგში იყო აბას არაყჩის ომანში ვიზიტის დროს. ჰორმუზის სრუტე ნაწილობრივ ამ ორი სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებს წარმოადგენს.
„ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა მნიშვნელოვანი გლობალური საკითხია. ბუნებრივია, როგორც ამ სრუტის მიმდებარე ქვეყანამ, ჩვენ ერთმანეთთან უნდა ვისაუბროთ, რათა ჩვენი საერთო ინტერესები იყოს დაცული“, - განაცხადა არაყჩიმ სანქტ-პეტერბურგში.

ორშაბათს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები იქნება ჰორმუზის სრუტეზე პასუხისმგებელი ორგანო, ქვეყნის მიერ შემოთავაზებული წყლის გზის მართვის შესახებ კანონის თანახმად.

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების
კომისიის ხელმძღვანელმა, ებრაჰიმ აზიზიმ, სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ შეიარაღებული ძალები უკვე აკონტროლებენ სრუტეს და ცდილობენ „მტრული გემების“ გავლის აკრძალვას.

აზიზიმ ასევე თქვა, რომ შემოთავაზებული კანონი ითვალისწინებს, რომ სრუტიდან მიღებული ფინანსური მოგება უნდა გადაიხადონ ირანის ეროვნულ ვალუტა რიალის საშუალებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG