Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში - “ჰილტონში” მსროლელს ბრალი წაუყენეს აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში

 ინციდენტის დროს დაკავებული კოულ თომას ალენი. 26 აპრილი, 2026 წელი
ინციდენტის დროს დაკავებული კოულ თომას ალენი. 26 აპრილი, 2026 წელი

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში ბრალი წაუყენეს მსროლელს, რომელმაც ვაშინგტონში სასტუმრო “ჰილტონში” შეჭრა სცადა მიღებაზე, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმყოფებოდა.

Reuters-ის თანახმად, 31 წლის კოულ თომას ალენი კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსიდან, ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში პირველ მოსმენაზე პატიმრის ლურჯ ფორმაში გამოცხადდა.

ინციდენტი 26 აპრილს მოხდა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე.

ალენმა სასტუმროს საკონტროლო პუნქტთან საიდუმლო სამსახურის აგენტს ესროლა, სანამ დააკავებდნენ, მაგრამ აგენტი, ჯავშანჟილეტის წყალობით, მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა.
ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გარბის ეჭვმიტანილი დერეფანში.

ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს თავდასხმის ორ მცდელობას გადაურჩა, ერთ-ერთის დროს მსუბუქად დაიჭრა.

ალენი, რომელიც ხელისუფლების თქმით, პისტოლეტითა და რამდენიმე დანით იყო შეიარაღებული, სროლის შემდეგ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ალენს ჯერ არ უპასუხია ბრალდებებზე. მან ადრე განაცხადა, რომ ყველა კითხვას გულწრფელად უპასუხებდა და რომ კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი აქვს.

მოსამართლე მეთიუ შარბაუმ ალენი საქმის განხილვის დასრულებამდე პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულის პატიმრობის გაგრძელების შესახებ კიდევ ერთი მოსმენა ხუთშაბათს არის დაგეგმილი.

გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ტოდ ბლანშმა კვირას განაცხადა, რომ თავდასხმის მოტივი არ დადასტურებულა, მაგრამ ივარაუდა, რომ ალენი პრეზიდენტზე და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებზე თავდასხმას აპირებდა.

ბლანშმა ასევე თქვა, რომ ალენი თავდაპირველად ოფიციალურ პირებთან ურთიერთობდა, მაგრამ შემდეგ უკვე აღარ თანამშრომლობს სამართალდამცავებთან.

ხელისუფლების ცნობით, ალენმა დაჯავშნა ნომერი “ჰილტონში”, სადაც მიღება იმართებოდა და კალიფორნიიდან ვაშინგტონში მატარებლით ჩავიდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG