Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინასა და რუსეთში მსხვერპლია დრონებით შეტევების შედეგად

რუსული დრონებით შეტევის შედეგები უკრაინის ქალაქ ჩუგუევში(ფოტო არქივიდან)
რუსული დრონებით შეტევის შედეგები უკრაინის ქალაქ ჩუგუევში(ფოტო არქივიდან)

უკრაინის რამდენიმე რეგიონის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა რუსული დრონებით მორიგ შეტევას. უკრაინული დრონებით დარტყმისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება რუსეთის ხელისუფლებაც.

უკრაინის ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 28 აპრილს უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ჩუგუევში. დაზიანებულია კერძო სახლები და ავტომობილები.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში.

ოთხი ადამიანი დაიჭრა სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპში, სადაც ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, ადმინისტრაციული შენობები, საავადმყოფო და ენერგოობიექტი. ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ჩერნიგოვის ოლქში აგროსაწარმოზე დარტყმისა და ხორბლის საცავების განადგურების შესახებ იწყება ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.

დრონებით შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა ქალაქ ზაპოროჟიეში და ერთი - ქალაქ ხერსონში.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, ღამის განმავლობაში და დილით რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 123 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 95 დრონის მოგერიება და 19-ით პირდაპირი დარტყმა 16 ადგილზე.

რუსეთის ბრიანსკის ოლქის ხელისუფლების ცნობით, უკრაინული დრონით დარტყმის შედეგად კლიმოვის რაიონში დაიღუპა ჰოლდინგ „მირატორგის“ საწარმოს თანამშრომელი და დაზიანდა ტექნიკა. „მირატორგი“ რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი აგროსამრეწველო ჰოლდინგია.

ბელგოროდის ოლქის ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაიჭრა შჩებეკინოს და რაკიტიანსკის რაიონებში. გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, ერთ-ერთი დრონით დარტყმა იყო ავტომობილზე, რომელშიც ცოლ-ქმარი და მათი 16 წლის ვაჟი იმყოფებოდნენ. ქალი და კაცი დაიღუპნენ, ბიჭი კი ჰოსიტალიზებულია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 აპრილს დილით განაცხადა, რომ გასული ღამიდან დილის შვიდ საათამდე ასტრახანის, ვოლგორადის, როსტოვის და კურსკის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში, ყირიმში და შავი და აზოვის ზღვების თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 186 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ამ ჩამონათვალში არ იყო ბელგოროდის ოლქი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რიცხვს.

28 აპრილს უკრაინული დრონების ერთ-ერთი სამიზნე ისევ კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.




ფორუმი

XS
SM
MD
LG