საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა, 28 აპრილს ჯიდაში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს საკონსულტაციო შეხვედრა გამართა, იტყობინება სახელმწიფო მედია.
სპარსეთის ყურის ლიდერები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ორი თვის წინ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების გამო, მათი ქვეყნები კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ.
სპარსეთის ყურის ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ შეხვედრის მიზანი საპასუხო ზომების შემუშავება იყო. საუბარია ირანის მხრიდან განხორციელებულ ათასობით სარაკეტო და დრონებით თავდასხმაზე, რომლებიც რეგიონის სახელმწიფოებმა ომის დაწყების შემდეგ განიცადეს.
საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სამიტზე განიხილეს „რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებთან დაკავშირებული თემები და საკითხები…”
ირანის ომმა დააზიანა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ექვსივე სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ასევე სამიზნე აშშ-სთან დაკავშირებული ფირმები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც აშშ-ის სამხედრო ობიექტები.
თავდასხმები შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ირანმა 8 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა სპარსეთის ყურის ქვეყნები კვლავ შიშობენ, რომ კონფლიქტი შეიძლება განახლდეს, რადგან აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები კონფლიქტის დასრულების მუდმივი შეთანხმების მიღწევის შესახებ, ჯერჯერობით წარუმატებელია.
საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სამიტს ესწრებოდნენ კატარის ემირი, ქუვეითის ტახტის მემკვიდრე პრინცი, ბაჰრეინის მეფე და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი. გაურკვეველია, ვინ წარმოადგენდა ომანს, რომელიც საუდის არაბეთთან ერთად - სადაც საბჭოს შტაბ-ბინა მდებარეობს - სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს კიდევ ერთი წევრია.
სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭომ არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან გარკვეული კრიტიკა დაიმსახურა ომზე არაადეკვატური რეაგირების გამო.
„მართალია, ლოგისტიკურად, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნები ერთმანეთს უჭერდნენ მხარს, მაგრამ პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ მათი პოზიცია ისტორიაში ყველაზე სუსტი იყო“, - განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ანვარ გარგაშმა ორშაბათს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ კონფერენციაზე.
„მე ველოდი ასეთ სუსტ პოზიციას არაბული ქვეყნების ლიგისგან და ეს არ გამკვირვებია, მაგრამ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსგან ამას არ ველოდი და ამით გაკვირვებული ვარ“, - დასძინა მან.
ფორუმი