Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები განიხილავენ, როგორი იქნება ირანის რეაქცია, თუ ტრამპი გამარჯვებას გამოაცხადებს

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები განიხილავენ, როგორ უპასუხებს ირანი, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცალმხრივ გამარჯვებას გამოაცხადებს ორთვიან ომში, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და თეთრი სახლისთვის პოლიტიკური ტვირთი გახდა, განაცხადეს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა და ერთმა პირმა, რომელიც იცნობს ამ საკითხს.

აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების მოთხოვნით ამ საკითხს სხვა საკითხებთან ერთად აანალიზებს. წყაროების ცნობით, მიზანია იმის გაგება, თუ რა შედეგები მოჰყვება კონფლიქტიდან ტრამპის პოტენციურად უკან დახევას, რამაც, ზოგიერთი თანამდებობის პირისა და მრჩევლის შეშფოთებით, შესაძლოა, რესპუბლიკელების მნიშვნელოვანი მარცხი გამოიწვიოს წლის ბოლოს შუალედურ არჩევნებში.

მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული - და ტრამპს ადვილად შეუძლია, გააძლიეროს სამხედრო ოპერაციები - სწრაფმა დეესკალაციამ შეიძლება შეამსუბუქოს პოლიტიკური ზეწოლა პრეზიდენტზე, მაშინაც კი, თუ, სავარაუდოდ, შედეგად დარჩება მოძლიერებული ირანი, რომელმაც საბოლოოდ შეიძლება აღადგინოს თავისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამები და საფრთხე შეუქმნას აშშ-ის მოკავშირეებს რეგიონში.

წყაროებმა არ ისურვეს ვინაობის გამხელა.
გაურკვეველია, როდის დაასრულებს დაზვერვის ჯგუფი მუშაობას, მაგრამ მანამდე მან გააანალიზა ირანის ლიდერების სავარაუდო რეაქცია აშშ-ის მიერ გამარჯვების გამოცხადებაზე.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, თებერვალში თავდაპირველი დაბომბვის კამპანიიდან რამდენიმე დღეში, სადაზვერვო სააგენტოებმა შეაფასეს, რომ თუ ტრამპი გამარჯვებას გამოაცხადებდა და აშშ რეგიონში თავის ძალებს გაიწვევდა, ირანი, სავარაუდოდ, ამას გამარჯვებად ჩათვლიდა.

თუ ამის ნაცვლად, ტრამპი იტყოდა, რომ აშშ-მ გაიმარჯვა, მაგრამ შეინარჩუნებდა დიდი რაოდენობით სამხედრო წარმომადგენლობას, ირანი, სავარაუდოდ, ამას მოლაპარაკების ტაქტიკად აღიქვამდა, თუმცა არა ისეთად, რომელიც აუცილებლად ომის დასრულებამდე მიგვიყვანდა, თქვა წყარომ.

ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ანა კელიმ განაცხადა, რომ აშშ კვლავ აწარმოებს მოლაპარაკებებს ირანელებთან და „არ აჩქარდება, რათა ცუდი შეთანხმება არ დადოს”.

„პრეზიდენტი მხოლოდ ისეთ შეთანხმებას დადებს, რომელიც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას პირველ ადგილზე დააყენებს, და მან ნათლად განაცხადა, რომ ირანი არასდროს შეიძლება ფლობდეს ბირთვულ იარაღს“, - თქვა მან.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ირანში ომი ამერიკელების დიდ უმრავლესობაში არაპოპულარულია. გასულ კვირას გამოქვეყნებულ Reuters/Ipsos-ის გამოკითხვაში, რესპონდენტთა მხოლოდ 26%-მა თქვა, რომ სამხედრო კამპანია ამართლებდა დანახარჯებს და მხოლოდ 25%-მა თქვა, რომ მან აშშ უფრო უსაფრთხო გახადა.

სამმა პირმა, რომლებიც იცნობენ ბოლო დღეებში თეთრ სახლში გამართული განხილვის პროცესს, ტრამპი აღწერა, როგორც ადამიანი, რომელიც კარგად აცნობიერებს იმ პოლიტიკურ ფასს, რომელსაც ის და მისი პარტია იხდიან.

ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან ოცი დღის შემდეგ, დიპლომატიური მცდელობებით ვერ მოხერხდა სრულად გახსნა ეკონომიკურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტისა, რომელიც თეირანმა გადაკეტა ომის დაწყების შემდეგ.
ომის დასრულების მოთხოვნით პრეზიდენტზე შიდა ზეწოლას თეთრი სახლის წარმომადგენელმა „უზარმაზარი“ უწოდა.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანმა ისარგებლა ცეცხლის შეწყვეტის მიმდინარე შეთანხმებით, რათა ამოეთხარა გამშვები მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, დრონები და სხვა მასალა, რომლებიც კონფლიქტის პირველ კვირებში აშშ-სა და ისრაელის დაბომბვების შედეგად დაიმარხა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG