Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია რა უფლებამოსილებები ექნება ახალ სახელმწიფო მინისტრს

მარცხნიდან: მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე
მარცხნიდან: მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილები განისაზღვრა. დადგენილება "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 30 აპრილს გამოსცა.

თანამდებობის შექმნის საფუძვლად დადგენილებაში მითითებულია

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრი) თანამდებობა შექმნილია

  • სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების
  • ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობის
  • ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვის, ასევე მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებისა და პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირების.
  • კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან კოორდინაციის/კომუნიკაციის მიზნით.


სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი

სახელმწიფო მინისტრი წყვეტს სახელმწიფო მინისტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს:

  • „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფილია მისთვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება;
  • ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის საერთო კოორდინაციას;
  • საქართველოს მთავრობის სახელით, ახორციელებს კომუნიკაციას სასამართლო ხელისუფლებასთან, საქართველოს პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან;
  • აინიციირებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესს და ამ მიზნით კოორდინაციას უწევს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების საქმიანობას;
  • კოორდინაციას უწევს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების, შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით;
  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების განხილვისა და გაანალიზების, შესაბამისი გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების შეფასების მიზნით, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას, ახორციელებს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების მაკოორდინირებელ ფუნქციას;
  • მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან გამოითხოვს ინფორმაციას;


სახელმწიფო მინისტრს შეუძლია:

  • გამოსცეს ბრძანებები;
  • მთავრობას განსახილველად წარმოუდგინოს სამართლებრივი აქტები;
  • ის მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში;
  • შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები − კომისიები და საბჭოები;
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნას პარლამენტში 29 აპრილს დაუჭირეს მხარი.

ამ პოსტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე დაინიშნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG