ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო პირველ მაისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გადასცეს ევროკავშირის ელჩსაც.
ევროპარლამენტის მიერ ხმათა უმრავლესობით 30 აპრილს მიღებული რეზოლუცია ადასტურებს მთიანი ყარაბაღის ყოფილი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სომხური მოსახლეობის უფლებების მხარდაჭერას, მათ შორის იდენტობის, ქონების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობას და უსაფრთხო, შეუფერხებელი და ღირსეული დაბრუნების უფლებას სათანადო საერთაშორისო გარანტიებით.
რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას, პასუხისმგებლობა დაეკისროთ სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის განადგურების გამო დამნაშავე პირებს. დაგმობილია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მთიანი ყარაბაღის ყოფილი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელთა დაკავება და მოთხოვნილია მათი გათავისუფლება.
ევროპარლამენტის რეზოლუციის პასუხად, პირველ მაისს აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა მხარი დაუჭირა ევროპარლამენტთან თანამშრომლობის შეჩერებას.
აზერბაიჯანი წყვეტს მონაწილეობას ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტში და იწყებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის წევრობის შეწყვეტის პროცედურას.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც პირველ მაისს საპროტესტო ნოტა გადასცეს ბაქოში ევროკავშირის ელჩ მარიანა კუიუნჯიჩს, განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია მიკერძოებული და დაუსაბუთებელია, რეალობას ამახინჯებს და ეწინააღმდეგება ობიექტურობის პრინციპსა და სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ვალდებულებას.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ევროპარლამენტის მიდგომა უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონში ნორმალიზაციის პროცესზე და აზერბაიჯანი-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივაზე.
- აზერბაიჯანმა 90-იან წლებში დაკარგულ მთიან ყარაბაღზე კონტროლი 2023 წლის 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი.
- მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.
- ყარაბაღზე ბაქოს სრული კონტროლის აღდგენას მოჰყვა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისგან რეგიონის დაცლა.
- აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ 2023 წელსვე წარმოადგინა ყარაბაღის მცხოვრებთა რეინტეგრაციის გეგმა, მაგრამ სომხურმა მოსახლეობამ რეგიონი საკუთარი ნებით დატოვა.
ფორუმი