Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ არმიის რეფორმის მორიგი ზომები გამოაცხადა

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა "სამსახურიდან იმ პირთა ეტაპობრივი გათავისუფლება, ვისი მობილიზაციაც მანამდე განხორციელდა", არმიის რეფორმის ფარგლებში. ამაზე ზელენსკი თავის ტელეგრამის არხზე წერს.

ზელენსკი ამბობს, რომ ბრძანება გასცა არმიაში კონტრაქტების სისტემის გაძლიერებაზე, რათა დადგინდეს სამსახურის მკაფიო ვადები და უკვე მიმდინარე წელს გახდეს შესაძლებელი, აქამდე მობილიზებულთა გაშვება სათადარიგო რიგებში.

უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას და თავდაცვის მინისტრს დაავალა, ომის მეთაურებთან განიხილონ რეფორმის ხორცშესხმის საკითხები და მათი წინადადებები გაითვალისწინონ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების დაკომპლექტებისას.

ზელენსკის თანაშემწემ, დმიტრო ლიტვინმა, ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სამხედროების სამსახურიდან გათავისუფლების დეტალებს და ვადებს წარმოადგენენ თავდაცვის სამინისტრო და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. "საერთო ჯამში, ჩანაფიქრი ისაა, რომ განახლებული კონტრაქტების შედეგად უზრუნველყოფილი იყოს სამსახურებიდან მანამდე მობილიზებულების გათავისუფლება", - დაადასტურა ლიტვინმა.

ზელენსკის თქმით, ამ გადაწყვეტილების მხარდასაჭერი ერთ-ერთი ინიციატივა იქნება ხელფასების ზრდა, "სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით". პრეზიდენტმა საგანგებო კონტრაქტების დანერგვის ბრძანება გასცა კონკრეტულად უკრაინელი ქვეითებისთვის.

მანამდე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა ოლექსანდრ სირსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას წინა ხაზზე მეომართა სავალდებულო როტაციის შესახებ. ამ ბრძანების თანახმად, სამხედროებს უშუალოდ პოზიციებზე სამსახური შეუძლიათ არაუმეტეს ორი თვისა, რის შემდეგაც ისინი აუცილებელი წესით უნდა დაასვენონ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG