აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 მაისს გამოაცხადა, რომ შემდეგი კვირიდან 25 პროცენტამდე გაუზრდის გადასახადს მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს ევროკავშირიდან. ამის მიზეზად ტრამპმა დაასახელა ევროკავშირის მხრიდან სავაჭრო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა. რა პირობებზეა საუბარი, არ აკონკრეტებს.
თუ ავტომობილები აშშ-ის ქარხნებში იქნება გაკეთებული, გადასახადი არ გაიზრდება - წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth social-ში.
საქმე ეხება 2025 წელს მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებას, რომლის დეტალებიც 2026 წელს დაზუსტდა. შეთანხმება ითვალისწინებს ევროპული გადასახადების გაუქმებას აშშ-ის სამრეწველო პროდუქციაზე და ადგენს მაქსიმალურ ზღვარს ევროპის უმეტესი საქონლისთვის.
მოცემული დროისთვის დოკუმენტი საბოლოოდ ძალაში შესული არ არის.
ევროპული პარლამენტის წარმომადგენელმა საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, ბერნდ ლანგემ, სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ ტრამპის ნაბიჯებს "მიუღებლად" მიიჩნევს. მან დასძინა, რომ გადასახადის გაზრდა აჩვენებს აშშ-ის "არასანდოობას".
2025 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ 25-პროცენტიანი გადასახადი დააწესა ავტომობილების იმპორტზე მთელი მსოფლიოდან, თუმცა შემდეგ ევროკავშირთან შეთანხმდა და გადასახადი 15 პროცენტამდე შეამცირა.
2026 წლის თებერვალში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემოღებული ტარიფების უმრავლესობა, მათ შორის "საპასუხო" გადასახადები მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა ქვეყნის იმპორტზე და 25-პროცენტიანი გადასახადი საქონელზე კანადიდან, მექსიკასა და ჩინეთიდან. გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიებს, რომლებმაც გადასახადი უკვე გადაიხადეს, შეეძლებათ ფინანსთა სამინისტროს თანხების დაბრუნება მოსთხოვონ.
ფორუმი